საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 1 აპრილს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რიგი შემზღუდველი კანონები და საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო. ზოგიერთი მათგანი დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ზოგი კი 60 დღეში ამოქმედდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მათ ხელს მოაწერს.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), რომელიც „ქართული ოცნების“ მტკიცებით, ამერიკული კანონის ანალოგს წარმოადგენს, მისი ამერიკული ორიგინალისგან იმით განსხვავდება, რომ ის უცხოური დაფინანსების მიმღები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების ჩახშობას ისახავს მიზნად. „ქართულმა ოცნებამ“ FARA-ს შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია; თუ ორგანიზაცია არ დარეგისტრირდება, მის ხელმძღვანელებს შესაძლოა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან ორივე ერთად დაეკისროთ. კანონი ძალაში მისი ხელმოწერიდან 60 დღეში შევა.
მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღებას კრძალავს და, მაუწყებელთა კონტენტის რეგულირების მიზნით, მთავრობის მიერ კონტროლირებადი კომუნიკაციების კომისიის უფლებამოსილებას აფართოებს. უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ცვლილებები კრიტიკული მედიის ჩახშობას ისახავს მიზნად.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილება ითვალისწინებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგენას, რაც ასევე მოიცავს ჯაშუშობას, შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით შემოღებული იქნება ახალი ცნება – სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირი. „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ“ კანონიდან ხდება გამარტივებული კონკურსის წესის ამოღება შესაბამისი სსიპ-ის ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით. ცვლილების შედეგად, აღნიშნულ თანამდებობებზე პირების დანიშვნა შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს ან იმ უწყების ხელმძღვანელის პრეროგატივა იქნება, რომლის მმართველობის სფეროშიც შედის ესა თუ ის კონკრეტული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინების „გენდერი“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებას ითვალისწინებს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღარ მიიღებენ მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო.