საზოგადოება
„ბრითიშ ეარვეისმა“ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება დაიწყო

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. დღეიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა, „ბრითიშ ეარვეისმა“ (British Airways) დაიწყო.

„ბრითიშ ეარვეისის“ A320 ნეო ტიპის ხომალდი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, 156 მგზავრით, ცოტა ხნის წინ დაეშვა.

ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეთ უარდი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, „ტავ ჯორჯიის“ (TAV Georgia) გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და „ბრითიშ ეარვეისის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები.

ინტენსიური მოლაპარაკებები საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. შედეგად, დღეიდან ერთმანეთს ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო მარშრუტით ლონდონი და თბილისი დაუკავშირდნენ.

ავიაკომპანია ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით შეასრულებს.

„ბრითიშ ეარვეისი“ 50 წლის წინ დაფუძნებული ბრენდია, თუმცა ავიაკომპანიას 100 წელზე მეტი ოპერირების ისტორია აქვს. „ბრითიშ ეარვეისი“, „ამერიკან ეარლაინსთან“ (American Airlines) ერთად, გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, „ვან ვორლდის“ (One World) თანადამფუძნებელია, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მესამე უმსხვილესი გაერთიანებაა „სკაი ტიმისა“ (SkyTeam) და „სტარ ალიანსის“ (Star Alliance) შემდეგ. „ამერიკან ეარლაინსთან“ მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა, „ბრითიშ ეარვეისის“ მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. „ბრიტიშ ეარვეისი“ მსოფლიოს 65 ქვეყნის 190-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია.