საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ავიაციის სააგენტო გააკრიტიკა იმ განცხადების გამო, რომ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება უკანონოა, და მოუწოდა თბილისს „უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყოს, მათ შორის 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ წარმოქმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობების გათვალისწინებით“.
აფხაზეთის დე ფაქტო „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აფხაზეთთან და ცხინვალთან „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ გაცხადებული მზადყოფნის შესახებ შეახსენა, კერძოდ, 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბიძინა ივანიშვილის დაპირება ბოდიშის მოხდის შესახებ, და განაცხადა, რომ „ურთიერთობების დარეგულირებისკენ მიმართული პრაგმატული მიდგომის ნაცვლად, ხელისუფლება განაგრძობს შაბლონური, პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობისგან მოწყვეტილი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც უკვე მოსაბეზრებელი გახდა და მხოლოდ დამატებით დაძაბულობას ქმნის. საქართველოს ხელმძღვანელობის მორიგი გამოხტომები იმ პროცესების შეფერხების მცდელობას წარმოადგენს, რომელთაც შეუქცევადი ხასიათი აქვთ“, – აცხადებს ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყება.
რუსეთი აფხაზეთში რეგულარული ფრენების დაწყებას 1 მაისს გეგმავს. პირველი სატესტო ფრენა სოხუმის აეროპორტისკენ 7 თებერვალს განხორციელდა.