პუბლიკაციები
მწერალთა სახლში წიგნის „დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები“ პრეზენტაცია გაიმართა

   2025 წლის 16 თებერვალს, მწერალთა სახლში, წიგნის – „დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, საქართველოს გენერალიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ნაშრომის ავტორია საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების თავმჯდომარე, მამუკა გოგიტიძე, თანაავტორები კი მამია გოგოლაძე, არჩილ ჩაჩხიანი, გია ნაირაშვილი და დავით მჭედლიძე.

  წიგნი  საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გენერლების ხსოვნას ეძღვნება.

  ნაშრომში განხილულია 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ასევე, 1991-2024 წლების დამოუკიდებელი საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში მომსახურე უმაღლესი რანგის ოფიცერთა_ სულ 324 პირის ბიოგრაფია.

  წიგნი განკუთვნილია როგორც ფართო საზოგადოების, ასევე, პროფესიონალი ისტორიკოსებისა და იმ მკვლევართათვის, რომლებიც საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხებით არიან დაინტერესებულნი.

  ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც. საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებამ, წიგნის გამოცემაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის გაღებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, დააჯილდოვა 12 პირი, მათ შორის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ იმნაძე.

საქინფორმი