საზოგადოება
საქართველოს მოქალაქე ფოლად ომაროვი სავარაუდოდ ირანთან დაკავშირებული მკვლელობის დაგეგმისთვის აშშ-ში დამნაშავედ ცნეს

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის ფედერალურმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ირანის ხელისუფლების მხარდაჭერით ნიუ-იორკში ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტი და აქტივისტი ქალის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის დაგეგმის საქმეში დამნაშავედ ცნო საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ფოლად ომაროვი და ირანის მოქალაქე, 46 წლის რაფატ ამიროვი. მათ ბრალად ედებათ მკვლელობისთვის პირის დაქირავება, შეთქმულება დაქირავებული პირის მიერ მკვლელობის განსახორციელებლად, ფულის გათეთრება, მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა და გამოყენება. მკვლელობის დაგეგმვა 500 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ განხორციელდა.

ბრალდებულებმა ამერიკაში მცხოვრები ირანელი დისიდენტის მკვლელობა დაგეგმეს, რომელიც ირანში არსებულ რეჟიმს აკრიტიკებდა”, – იტყობინება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი FBI-ის კონტრდაზვერვის სამმართველოს დირექტორის თანაშემწის რომან როჟავსკის სიტყვებზე დაყრდნობით.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ომაროვი [იგივე არაზ ალიევი, ფოლად ქაქა და ჰაჯი ქაქა] და ამიროვი აღმოსავლეთ ევროპის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მაღალი რანგის წევრები იყვნენ. სწორედ მათ დაავალა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) კრიტიკული ჟურნალისტისა და უფლებადამცველის მოკვლა.

ჯერ კიდევ 2020 და 2021 წლებში, ირანის დაზვერვის თანამშრომლებმა აშშ-დან ალინეჯადის გატაცება დაგეგმეს ირანისთვის გადასაცემად, ვინაიდან ირანის რეჟიმის მიმართ კრიტიკის გამო მისი გაჩუმება სურდათ, იტყობინება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.

მას შემდეგ, რაც აშშ-დან ალინეჯადის გატაცების „თავხედური მცდელობები“ წარუმატებელი აღმოჩნდა, IRGC-მ ამიროვს და ომაროვს მიმართა მისი ადგილმდებარეობის დადგენის, თვალთვალისა და მოკვლის მიზნით, ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

ისინი კოორდინირებულად მოქმედებდნენ ირანელ ოფიციალურ პირებთან და სხვა კრიმინალებთან, რათა თვალყური ედევნებინათ ალინეჯადისთვის და ამისათვის ხალიდ მეჰდიევი დაიქირავეს, რომელსაც ალიჯენადის მოკვლა დაევალა.

მეჰდიევი ალინეჯადის სახლთან 2022 წლის ივლისში დააკავეს, მას თან ჰქონდა AK-47-ის ტიპის ავტომატური იარაღი, ტყვიები და ნაღდი ფული.

მას შემდეგ, რაც მეჰდიევი დააკავეს და დააპატიმრეს, ომაროვი მეჰდიევის დედას დაუკავშირდა და მას და მის მეორე შვილს მოკვლით დაემუქრა, თუ მეჰდიევის ადგილსამყოფელს არ დაადგენდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამიროვსა და ომაროვს განაჩენს 17 სექტემბერს გამოუტანენ.

48 წლის მასიჰ ალინეჯადმა ირანი 2009 წელს დატოვა და ნიუ-იორკში ცხოვრობს. 2022 წელს, იგი ჩართული იყო ორ კამპანიაში: ირანის სპორტული ღონისძიებების ბოიკოტირება და აქციის დღე, რომელიც ირანელ ქალებს ჰიჯაბის მოხსნისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, მან „ამოისუნთქა” მას შემდეგ, რაც მისი მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილე მამაკაცები დამნაშავეებად ცნეს. „მაგრამ არ შეცდეთ, ამ დანაშაულის ნამდვილი დამკვეთები ჯერ კიდევ ირანის ხელისუფლებაში არიან. მე ველოდები იმ დღეს, როდესაც ალი ხამენეი და მისი ტერორისტული რევოლუციური გვარდია მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან, მსურს ისინი დაისაჯონ”, – განაცხადა ალინეჯადმა სასამართლოს გარეთ, როგორც ამის თაობაზე CBS News-ი იტყობინება.