საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გერმანიაში თავშესაფრის მიღების საქმეების განხილვისას საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებაზე უარი განაცხადა. შესაბამისი განცხადება სასამართლოს ვებგვერდზე 21 მარტს გამოქვეყნდა. 2023 წლის დეკემბერში გერმანიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ბერლინის სასამართლომ ახლა ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ხელახლა განიხილა ორი ქართველი ლტოლვილის სარჩელი, რომელთაც სტატუსის მინიჭებაზე იმ მოტივით ეთქვათ უარი, რომ მათი სამშობლო უსაფრთხო ქვეყანა იყო.
სარჩელი ქართველმა წყვილმა შეიტანა, რომელთა თქმითაც, ისინი საქართველოს საჯარო სექტორში მუშაობდნენ და პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის გამო ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ცოლს კი საყვედური გამოუცხადეს.
„არსებობს მნიშვნელოვანი ეჭვები, შეესაბამება თუ არა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის განმარტება ევროკავშირის კანონმდებლობას“, – ნათქვამია განაჩენში. დოკუმენტის თანახმად, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ ლუქსემბურგში ადრე მოლდოვას საქმეზე, დაადგინა, რომ ქვეყანა არ შეიძლება უსაფრთხოდ იყოს აღიარებული, თუ მისი ტერიტორიის ნაწილი არ არის ასეთი. საქართველოს შემთხვევაში, ეს ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, განაცხადა ბერლინის სასამართლომ. მან ასევე დასძინა, რომ ლგბტ უფლებები შეიძლება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ირღვეოდეს.
სასამართლოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ქართველ წყვილს შეუძლია გერმანიაში საბოლოო განაჩენის გამოტანამდე დარჩეს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო dpa ბერლინის სასამართლოს ანონიმურ წარმომადგენელზე დაყრდნობით,
2023 წლის დეკემბერში გერმანიის ხელისუფლებამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რამაც ხელი შეუწყო გერმანიის მიერ განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარებას და ქვეყნიდან გაცილებით სწრაფად იმ პირების გაძევებას, რომლებიც თავშესაფარს ვერ მიიღებდნენ.
აღნიშნულ გადაწყვეტილება უფლებადამცველთა ჯგუფმა Pro Asyl-მა გააკრიტიკა. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები და აქედან მომდინარე საფრთხეებს. გარდა ამისა, ამ ქვეყნებში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის და პრესის თავისუფლების მხრივაც.
იმ დროს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოსა და მოლდოვაზე მოდიოდა უარყოფილი განაცხადების 10%-ზე მეტი, ხოლო თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების 0.3%-ზე ნაკლები დაკმაყოფილდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წელს გერმანიიდან საქართველოში 1 600-ზე მეტი ადამიანი იქნა დეპორტირებული.
სამინისტრო განმარტავს წარმოშობის უსაფრთხო ქვეყნებს, როგორც ქყვეყნებს სადაც ზოგადად არ არსებობს სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის შიში და სადაც სახელმწიფო იცავს თავის მოქალაქეებს.
მას შემდეგ საქართველოში ავტორიტარული ცვლილებები მოხდა და გაღრმავდა პოლიტიკური კრიზისი, რაც 2024 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კურსის ცვლილებამ გამოიწვია. პროევროპულ აქციებს თან ახლდა პოლიციის ძალადობა, გადამეტებული ძალის გამოყენება, ცემა, სავარაუდო გატაცებები და პოლიციის დაუსჯელობა. პროევროპულ აქციებში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის ასობით საჯარო მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა რიგი რეპრესიული კანონები მიიღო. მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, ხოლო ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.