აფხაზეთის საპრეზიდენტო კანდიდატ სერგეი შამბას წინასაარჩევნო შტაბმა უარყო კიდევ ერთი კანდიდატის – ალექსანდრე ანქვაბის ბრალდება მის წინააღმდეგ ბინძური ხრიკების გამოყენების თაობაზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს ანქვაბის ომისდროინდელი საქმიანობის „დეტალური გამოძიებისკენ“ მოუწოდა.
როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, ორ კანდიდატს შორის დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც შამბას მხარდამჭერებმა სოხუმში ღია ცის ქვეშ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუს ჩვენება მოაწყვეს, სადაც კიტოვანი ამბობს, რომ ომის დროს ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა და ქართულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა.„იმის ნაცვლად, რომ მკაფიო, არაორაზროვანი პასუხები გაეცეს დასმულ შეკითხვებს, ანქვაბი ცდილობს, ჩვენი შტაბი სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულოს. ეს კი საზოგადოებრივი ყურადღების არსებული პრობლემის არსიდან გადახვევას უწყობს ხელს“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ შამბას წინასაარჩევნო შტაბის მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.
„ჩვენი აზრით, პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატის ბიოგრაფია დეტალურად უნდა იყოს ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის; იქ არ უნდა იყოს ნაცრისფერი ლაქები, განსაკუთრებით კი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და 1992-1993 წლების ომის პერიოდებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, ანქვაბის წინააღმდეგ ამგვარი ბრალდებები ახალი არ არის და პირველად ისინი 90-იან წლებში – შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების შემდეგ გაჩნდა.
თავად შამბასაც მოუწია ამ საკითხზე მოკლე კომენტარის გაკეთებამ, როდესაც მას ამის თაობაზე 17 აგვისტოს ახალ ათონში ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე ჰკითხეს. მანაც, ასევე, განაცხადა, რომ ბრალდებები ანქვაბის ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ ახალი არ არის და რომ ასეთი ბრალდებები 1994 წელს გაჩნდა, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ომის დროს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში შენახული იარაღის ქართული მხარისთვის გადაცემის თაობაზე. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შამბამ განაცხადა, რომ „იმის ნაცვლად, მე დამადანაშაულოს ამაში [კიტოვანის ინტერვიუში], ანქვაბმა ხალხს უნდა აუხსნას ყველა ეს ფაქტი“.
საქინფორმი