საზოგადოება
თბილისის მერის პოსტზე კალაძის კანდიდატურა უალტერნატივოა - კობახიძე

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. კახა კალაძის კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ალტერნატივა არ ექნება, მისი პირადი რეიტინგისა და გაწეული სამუშაოს გათვალისწინებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

კალაძე, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატია, თბილისის მერად პირველად 2017 წელს აირჩიეს. ის ხელახლა აირჩიეს მეორე ვადით 2021 წლის ოქტომბერში არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. მაშინ კალაძემ ხმების 55,6% მიიღო, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, მაშინდელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ - 44,3%.

რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, რადგან გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე, თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ, ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საერთაშორისო პრაქტიკაც მერობაზე არ არის არავითარი შეზღუდვა ანუ განუსაზღვრელი რაოდენობით არის შესაძლებელი კენჭისყრა მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე.

ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასეა საქართველოშიც. შეგვიძლია, გავიხსენოთ ის საქმეები, რაც გაკეთდა თბილისში სხვადასხვა მიმართულებით, მარტო რად ღირს რეკრეაცია, გამწვანების მიმართულება, ქუჩებისა და გამზირების მოწესრიგება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ თბილისში ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია სამჯერ, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, რათა ამან არ მოახდინოს მოძრაობის არსებითად ბლოკირება დედაქალაქში, აღნიშნა კობახიძემ.

ამისთვის სერიოზული ცვლილებები გატარდა ტრანსპორტის სფეროში და სამომავლოდაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი პროგრამა ექნება წარმოდგენილი კახა კალაძეს ამ მხრივ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ, პირველ რიგში, თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რაიმე არსებითი კონკურენცია გაუწიოს მმართველ გუნდს. მისი თქმით, წინა არჩევნებზე სულ 2 100 000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და აქედან მმართველმა პარტიამ 900.000-ზე მეტი ხმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წინა არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 900 000-ზე მეტი ხმით, სულ 2.100.000-ზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და 900.000-ზე მეტი ხმით მოვუგეთ მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ასეთ პირობებში, გასაგებია, რაც იქნება არჩევნების შედეგები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება. ეს არის ყველაზე მასშტაბური არჩევნები ქვეყანაში, როდესაც ყველა ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელმძღვანელობას.