პოლიტიკა
რობერტ სტურუა: „რასისტი არ ვარ – მხოლოდ ის ვთქვი, რომ სააკაშვილის ეროვნებას მალავენ“

sturuaaთბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გადაყენებასა და ხელისუფლების მიერ მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტირებაზე რეჟისორმა რობერტ სტურუამ რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. იგი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმისთვის მიცემულ იმ ინტერვიუსაც შეეხო, რომელშიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ამბობდა, რომ ეროვნებით სომეხია. „ეს იყო ინტერვიუ. მე ვთქვი, რომ ჩვენ გვყავდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომელსაც დედა სომეხი ჰყავდა. მე ბიცოლა მყავს სომეხი და რა მერე? ჩვენს თეატრში მთავარი დირიჟორი სომეხია. და მე ვთქვი, რომ სააკაშვილის შემთხვევაში ამ საკითხს მალავენ. როცა, დავუშვათ, ობამას ირჩევენ ამერიკელები, მის შესახებ ყველაფერი იციან და ეს სრულიად ნორმალურია, რადგან იქ კანონები მოქმედებს, ჩვენთან კი – არა. ეს არის ამ ხელისუფლებასთან მთავარი პრეტენზია. ჩვენთან სამართალწარმოება საშინელ დონეზეა, ციხეები – საშინელ მდგომარეობაში“, – აცხადებს რეჟისორი.

სტურუას განმარტებით, მას სურდა, ეთქვა, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები და რომ შესაძლოა, მომავალში ჰიტლერები კიდევ გამოჩნდნენ. „ამას როგორმე სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ – რომ გავარკვიოთ, რატომ გაჰყვა ამ არამზადას ასეთი განათლებული ერი და რატომ მოხდა ასეთი რამ – რატომ მოხდა ჰოლოკოსტი. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რომ ახლა თავის მართლება მიწევს. რაღაც რასისტად გამოვჩნდი, მე კი რასისტი არ ვარ. ჩემი მეგობარი, პარიკმახერი მეუბნება – „გინდა, გადაგარჩენთ?“ მე ვკითხე, როგორ უნდა გადამარჩინოთ-თქო, მან კი მიპასუხა – „ვიტყვით, რომ ჩემზე ლაპარაკობდი, მეც ხომ მიშა მქვია“. არ ვიცი, ყველაფერი ძალიან რთულადაა“, – აღნიშნავს სტურუა.

ამასთან, რეჟისორის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მომავალ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. „დღეს მოსკოვიდან „ეტ სეტერას“ პროდიუსერმა დავიდ სმელიანსკიმ, ასევე, თეატრიდან „ეტ სეტერა“ ალექსანდრ კალიაგინმა დამირეკეს. მათ ეს დიდი ხანია, უნდოდათ. თანხმობისკენ ვარ გადახრილი, მაგრამ ჯერ საბოლოო პასუხი არ მითქვამს. მინდა, გავერკვე, რა მოხდება“, – განაცხადა სტურუამ, რომელსაც, მისივე თქმით, კალიაგინი თეატრის მიწვეული მთავარი რეჟისორის თანამდებობას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 9 აგვისტოს გაათავისუფლეს. შესაბამის ბრძანებას ხელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ მოაწერა. მინისტრმა სტურუას გათავისუფლება „რეჟისორის მიერ გამოთქმული „ეთნიკური მეტაფორების“ სიმრავლით ახსნა.

P.S. დღეს, 17:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობის წინ რობერტ სტურუას მხარდამჭერი აქცია  – „დავუბრუნოთ თეატრს რობერტ სტურუა“ – გაიმართება.

 

საქინფორმი