პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.