უცხოეთი
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 18 მარტს ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი 18 მარტს რუს კოლეგასთან საუბარს გეგმავს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდიდან ვაშინგტონში დაბრუნების დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპის თქმით, იმსჯელებენ უკრაინაში ომის დასრულებაზე.

„ჩვენ გვსურს, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ომის დასრულება. იქნებ შევძლოთ, იქნებ ვერ შევძლოთ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა დათმობებზეა საუბარი, როდესაც ცეცხლის შეწყვეტას განიხილავენ.

„ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე. ჩვენ ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე. ეს დიდი საკითხია, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ უკვე განხილულია ორივე მხარის მიერ, უკრაინისა და რუსეთის. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე – გარკვეული აქტივების განაწილებაზე. დიახ, ისინი უკვე მუშაობენ ამაზე“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge