საზოგადოება
ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველო დატოვა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა, გიორგი ბაჩიაშვილმა 4 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი აიძულეს, დაეტოვებინა საქართველო. ბაჩიაშვილი, რომლის წინააღმდეგაც ორი საქმეა აღძრული, ამბობს, რომ მას საქართველოში პატიმრობა ემუქრებოდა.

ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება „შეთითხნილია“ და რომ იგი „პოლიტიკური რეპრესიისა და გამოძალვის“ სამიზნეა. ბაჩიაშვილი ადანაშაულებს ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, და სასამართლოს სისტემის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის მოსამართლე გიორგი გელაშვილის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაბიშვილს და პროკურორ მიხეილ სადრაძეს.

ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას“, – წერს ბაჩიაშვილი.

გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა“, – აცხადებს იგი.

ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ „ჩემი წასვლა არა დანებება, არამეტ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება“.

ბაჩიაშვილი ადრე ივანიშვილის თანაშემწე და ფინანსური მრჩეველი იყო, სანამ 2022 წლის ბოლოს მის კეთილგანწყობას დაკარგავდა. 2023 წელს, მას ბრალად დასდეს ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 8 253,13 ბიტკოინის მითვისება რომლის ღირებულებაც 39 215 820 აშშ დოლარია. მოგვიანებით მას 2.5 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა და ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა. გასულ კვირას, საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

სასამართლომ მას 50 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება კიდევ ერთხელ აუკრძალა. ორივე საქმეზე ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 მარტს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფო საზღვრის სავარაუდოდ უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. შსს-ს ცნობით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გაიარა საზღვარი.