საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. მხოლოდ მიმდინარე საპროტესტო აქციები და რეჟიმის რეპრესიები არაა ის თემა, რაც ტელევიზიებისა და საინფორმაციო გადაცემების მთავარ ფოკუსს წარმოადგენს. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა და „ქართული ოცნების“ დიდი ხნის მხარდამჭერმა ხელისუფლებას სერიოზული ბრალდებები წაუყენა.
გიორგი ჩიკვაიძის დაკავება 11 მარტს მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბიზნესმენმა ერთი დღით ადრე თავად იწინასწარმეტყველა, რომ 24 საათში გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი სასამართლო პროცესი, რომელიც 25 მარტს უნდა ჩატარებულიყო, აღარ ჩატარდებოდა.
დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში ბრალდებულ ჩიკვაიძეს თავდაპირველად 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა. მაგრამ მოსამართლე იზა კელენჯერიძემ, რომელიც, როგორც ჩიკვაიძემ განაცხადა, ე.წ. „სასამართლო კლანის“ ცნობილი წევრია და იწინასწარმეტყველა, რომ ის მორჩილად დააკმაყოფილებდა პროკურორის შუამდგომლობას, გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა. 38 წლის ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს.
დაკავებამდე სამი დღით ადრე, მან სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეომასალა ატვირთა, სადაც ამტკიცებდა, რომ უსაფრთხოების სამსახური მას ყოველ ნაბიჯზე დაყვებოდა 24 საათის განმავლობაში. ჩიკვაიძის თქმით, იდენტიფიცირებულია „80 მანქანა და 110 ადამიანი”. მანამდე მან ასევე განაცხადა, რომ მისი მობილური ტელეფონი გატეხეს, რის შედეგადაც „ტელეფონი უწვეტ რეჟიმში არის დაკვირვების ქვეშ“.
დაკავების წინა დღეს გიორგი ჩიკვაიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ინტერვიუ მისცა, რომელიც მისი დაპატიმრების შემდეგ გამოქვეყნდა. ინტერვიუში მან რამდენიმე დამაჯერებელი ამბავი მოყვა ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო ურთიერთობების შესახებ რუსულ დაზვერვასთან, მაგრამ არ ისაუბრა უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც, მისი თქმით, მას თავისი უსაფრთხოების დასაცავად გამოადგება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამჟღავნებს, თუ ციხეში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
გიორგი ჩიკვაიძემ გაიხსენა, რომ მას სთხოვეს დახმარებოდა რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას, რათა მისთვის სანქცირებული იახტა არ ჩამორთვათ. ჩიკვაიძემ, რომელიც იახტების ბიზნესს ფლობს, განაცხადა, რომ მას უთხრეს, რომ გაეყალბებინა დოკუმენტები, რათა შეეცვალა რუსი მილიარდერის იახტის ოფშორული დროშა ქართულით, სანამ ის თურქეთის ნეიტრალურ წყლებში იყო ჩარჩენილი, რითიც დაიცავდა მას კონფისკაციისგან. ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საზღვაო დროშა მათ საშუალებას მისცემდა საქართველოს წყლებში შემოსულიყვნენ, რითიც თავიდან აიცილებდნენ კონფისკაციას და სოჭისკენ გაემართებოდნენ. ჩიკვაიძემ ასევე აღნიშნა, რომ მან უარი თქვა ამ დავალების შესრულებაზე. მისი თქმით, ეს იყო პირველი უარი, რაც მმართველ პარტიასთან მისი დაპირისპირების მანიშნებელი გახდა.
შემდეგ ბიზნესმენმა ანდრეი კრუშანოვი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, რუსული დაზვერვის თანამშრომელია და რომელსაც იგი ბიძინა ივანიშვილის „მენტორს“ უწოდებს. მისი თქმით, კრუშანოვი და მისი ოჯახი პირველად მაშინ გაიცნო, როცა ივანიშვილმა მათ მისი ხელით იახტა აჩუქა. ჩიკვაიძის თქმით, კრუშანოვი და მისი მეუღლე, რომელიც „მაგიითაა“ დაკავებული და „ბიძინა ივანიშვილის შელოცვებს ემსახურება“, ბოლო რვა თვეა საქართველოში ცხოვრობენ. „ჩემი ინფორმაციით, ისინი ხელმძღვანელობენ ამ მთელ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ანტიევროპული მიმართულებით”, – განაცხადა მან.
შემდეგ ინტერვიუში ისმის აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ჩიკვაიძის თქმით, ანდრეი კრუშანოვი ქართველ მაღალჩინოსანს საყვედურობს, რომელიც, მისი აზრით, ან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურია ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ კრუშანოვი „გამწარებულია იმ ფაქტით, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ [ჟურნალისტურ] საგამოძიებო მასალაში მათი საზღვრის კვეთის ფოტოები და გაირკვა, თუ როგორ მიენიჭა მის მეუღლეს საჩუქრად საქართველოს მოქალაქეობა“.
„ყველგან!“ ასე უპასუხა ჩიკვაიძემ ჟურნალისტს კითხვაზე, რამდენად ღრმად არიან შეჭრილნი რუსული სპეცსამსახურები საქართველოში. „ფაქტიურად, მათ აქვთ 100%-იანი დაქვემდებარება და წვდომა, დღევანდელი მონაცემებით“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ეს პროცესი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო, „მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი გადავიდნენ ამ სპეცოპერაციის აქტიურ ფაზაზე, რასაც მოყვა მთელი რიგი მოვლენები, რა რეალობაშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძის თქმით, მას მეტი მტკიცებულებები გააჩნია. მან განაცხადა, რომ იგი ფლობს „ორ-სამ“ ინფორმაციას, რომელიც „მათ განსაკუთრებით აღელვებთ“. ამ მტკიცებულებას, რომელიც აუდიოჩანაწერების სახითაა და რომელშიც გარკვეულ დოკუმენტაციაზეა საუბარი, მან „საკმაოდ მყარი“ უწოდა და დასძინა: „მათ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, საიდან შეიძლებოდა ეს დოკუმენტაცია ჩემს ხელში მოხვედრილიყო… მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია. მათ აქვთ ეჭვები, რა შეიძლება იყოს ეს [ინფორმაცია]“.
„ჩანაწერები ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩანაწერები ეხება იმას, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რაც მათ ბევრად წინასწარ იცოდნენ, სრული დეტალიზაციით, თუ რა როგორ განვითარდებოდა. ჩაბაწერები ეხება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სადაც ისინი საუბრობენ ოფშორის კანონზე, რომელიც იდეაში არ არსებობდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „იმას, რაც დღეს ხდება, აეხდება ფარდა“. ეს ინფორმაცია, მისი თქმით, ეხება ბიძინა ივანიშვილს და რუსეთის დაზვერვის აგენტებს.
კითხვაზე, თუ რატომ არ ამხელს იგი ამ ინფორმაციას ახლა, ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ ეს მისთვის თავდაცვის მექანიზმია. „მე არ მინდა ვიყო პირველი მსხვერპლი, როგორც ვლადიმირ პუტინს სჩვევია და ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე“, – განაცხადა ჩიკვაიძემ და დასძინა: „თუ მოხდება ისე, რომ სიცოცხლეს მომისწრაფებენ, უახლოეს 1 საათში, რა ინფორმაციაც მაქვს, ჯერ საზღვარგარეთ და შემდეგ საქართველოშიც გახდება ცნობილი“.
„ეს რეჟიმი არც ერთი რეჟიმის მსგავსი არ არის… ეს არის აბსოლუტურად ჩვენთვის ახალი, ჰიბრიდული, რუსული მიდგომა. მათ ყველა სავარაუდო სცენარი ჩემნაირი ტიპის ადამიანებისთვის აქვთ გავლილი და დროში გამოცდილია. შესაბამისად, არ შეიძლება ამ ადამიანებთან ერთი დამალული კარტის გარეშე თამაში“, – განაცხადა მან.
ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ მან საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ეს ინფორმაცია გამოიყენეს დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ქართველი ჩინოვნიკების დასანქცირებლად.
გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ მის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. მისი თქმით, მას სისტემაში წყაროები ყავს, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან მასთან დაკავშირებულ გეგმებზე. მისი თქმით, „სუპერ-ყოვლისშემძლე კრიმინალური ავტორიტეტები“ დღეს ინტეგრირებულნი არიან საზოგადოებაში და „მათ აქვთ ყველაფრის უფლება“. ბიზნესმენის თქმით, ისინი პროკურატურასთანაც თანამშრომლობენ და „ეს ერთი სისტემაა“.
ვინაიდან ინტერვიუ მისი დაკავების წინა დღეს იქნა ჩაწერილი, რასაც ჩიკვაიძე დარწმუნებით ელოდა, მან პირობა დადო, რომ ზეწოლის მიუხედავად არ გატყდებოდა. „თუ მოხდა საოცრება და რაიმე რადიკალური მეტამორფოზა ნახეთ, იცოდეთ, რომ ეს მე არ ვარ“, – განაცხადა მან.
ინტერვიუს დროს გიორგი ჩიკვაიძეს, რომელიც ერთ დროს „ქართული ოცნების“ ღია მხარდამჭერი იყო, მმართველ პარტიასთან წარსული კავშირების შესახებ დეტალების გასაჯაროვება სთხოვეს.
„ჩემს ცხოვრებაში ერთი ლარი არ შემიწირავს მათთვის და ჩემს ცხოვრებაში ერთი ტენდერი არ მომიგია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ არასდროს ყოფილა ხელისუფლების მხარდამჭერი რაიმე სარგებლის გამო. ერთადერთი სარგებელი, რომელიც, მისი თქმით, მან მიიღო, იყო კოვიდის პანდემიის დროს, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ თავისი თანამდებობა გამოიყენა, რათა მას საქართველოში იახტის შემოყვანაში დახმარებოდა.
მაგრამ იმის მიღმა, რაზეც ჩიკვაიძემ ინტერვიუში ისაუბრა, არსებობს არაერთი შემთხვევა, როდესაც მან წარსულში მხარდაჭერა გამოუხატა „ქართულ ოცნებას“.
2017 წლის 13 სექტემბერი: მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მხარდაჭერა გამოუხატა თბილისის მერობის მაშინდელ კანდიდატ კახა კალაძეს. მან ასევე განაცხადა: „არ მესმის, როგორ შეიძლება შედარება იმ რეჟიმის დროს რა რეპრესიებიც იყო ხალხის მიმართ და დღევანდელი ყოფა როგორ შეიძლება საერთოდ შეადარო“.
2020 წლის 29 ოქტომბერი: მან განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ხმას მისცემს „ქართულ ოცნებას“ და სხვებსაც იგივესკენ მოუწოდა.
2020 წლის 21 ნოემბერი: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა და სოციალურ ქსელში თავისი ბიულეტენის ფოტო ატვირთა.
2021 წლის 8 აპრილი: ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ მისგან იახტა შეიძინა და 1.6 მილიონი ლარი გადაიხადა.
2021 წლის 17 აპრილი: მან შეატყობინა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მან წარმატებით ჩაიტანა მონტენეგროში, სავარაუდოდ, აკრძალული უცნობი ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა.
2021 წელი: მან წერილობით მიმართა იულია კრუშანოვას, რუსეთის დაზვერვის თანამშრომლის ანდრეი კრუშანოვის მეუღლეს, რათა უზრუნველეყო ივანიშვილის მეუღლის ეკატერინა ხვედელიძისგან იახტის ტრანსპორტირება.
2021 წლის 2 სექტემბერი: მან გამოაქვეყნა ფოტო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და დაწერა: „ჩვენი ქალაქის ძალიან მაგარი მერი“.
2021 წლის 27 ოქტომბერი: მან სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აქციისა და კახა კალაძის ვიდეოები გაავრცელა, სადაც მხარს უჭერდა პარტიას ადგილობრივ არჩევნებში.
2022 წლის 13 აგვისტო: იგი დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელს ზურა ყანჩაველს მის სახლთან არსებული ცემენტის ქარხნის დახურვის თხოვნით. ქარხანა მეორე დღეს დაიხურა.
2023 წლის თებერვალი: ის კვლავ დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რათა დახმარებოდა საგადასახადო ინსპექციის მოცილებაში. თხოვნა მალევე დაკმაყოფილდა.
2024 წლის დასაწყისში პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ ბრალის წარდგენიდან სულ რამდენიმე თვეში, გიორგი ჩიკვაიძე ღიად გაემიჯნა „ქართულ ოცნებას“ და მის ხელისუფლებას „რუსეთის მონა“ უწოდა.
წყარო: civil.ge