საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. საქართველოში არავინ არ არის ჩამოსული, როგორც ზედამხედველი და გენერალ-გუბერნატორი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ის, რაც ცუდია პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და რაც არ შეიძლება პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე არ შეიძლება საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
პაპუაშვილს გარე ჩარევებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია, დაუჯეროს ისევ იმ ევროპელებს. მაგალითად, როდესაც ილონ მასკი გერმანიაში არჩევნების წინ აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, კანცლერის დონეზეც კი ყველა გამოეხმაურა, რომ ეს იყო ჩარევა საარჩევნო კამპანიასა და შიდა პოლიტიკაში ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია. ზოგადად, ბევრ საკითხზე მანამდეც ღიად საუბრობდა ხოლმე. ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ასევე კითხვა დაუსვეს: „ილონ მასკი საჯაროდ უჭერდა მხარს ერთ-ერთ პოლიტიკოსს, ასეთი გინახავთ საქართველოში დიპლომატების მხრიდან?“ რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი ბევრი შემთხვევა ნახეს ხელისუფლებების წარმომადგენლების მხრიდან.
„მაგალითად, მიხაელ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი პირდაპირ აქციებში მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხარდასაჭერად. რაც შეეხება დიპლომატებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მიმართვები, აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით. ცხადი იყო, რომ თავად იყო ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ის აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე პირდაპირ იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, 20 ოქტომბერს საარჩევნო კამპანიის დასრულებისას, პარტიებმა კი არ ჩაატარეს საბოლოო თავყრილობა, არამედ „ენჯეოებმა“ თავისუფლების მოედანზე პარტიებთან ერთად. 20 ოქტომბრის თავყრილობა მათ დააფინანსეს ბრიუსელიდან მიღებული თანხებით. ეს არის ჩარევა, სხვა რამ კი არა. უბრალოდ, უნდა მიხვდნენ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ამ ქვეყანაშიც ადამიანები ვცხოვრობთ, არ ვართ მეორეხარისხოვანი რაღაც ქმნილებები. საქართველოში არავინ არ არის ჩამოსული, როგორც ზედამხედველი და გენერალ-გუბერნატორი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია გულისხმობს ამას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ის, რაც ცუდია პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და რაც არ შეიძლება პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, ასევე არ შეიძლება საქართველოში. როგორც ჩანს, ზოგიერთებს, რომლებიც აქ ჩამოდიან, თავი გენერალ-გუბერნატორები, მთავარმართებლები ჰგონიათ და იმხელა აღმოჩენაა, თუ როგორ გაბედა ქართველმა პოლიტიკოსმა, სიტყვა შეუბრუნა და უთხრა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მათი გადასაწყვეტი არ არის. ვენის კონვენცია გულისხმობს, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, მონაწილეობა. ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი დიპლომატის ქცევისა. ამ ქცევის მიღმა არის რამდენიმე ელჩი საქართველოში, რომლებზეც დიდი ხანია, ვსაუბრობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ გააძევებენ ამ ელჩებს ქვეყნიდან, პაპუაშვილმა აღნიშნა:
„არა, რა თქმა უნდა. ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ, რაღაც ჭეშმარიტებები უნდა აღიარონ ადამიანებმა. პროპაგანდასა და დეზინფორმაციაზე როცა ვსაუბრობთ, ესეც ნაწილია ამისა, როდესაც დიპლომატებს, ელჩებს თავი მოაქვთ ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკის განმსაზღვრელებად. მათთვის არავის მიუცია უფლება, ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, დაუბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებს. მათი ამოცანაა საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა საქართველოში და ზრუნვა იმაზე, რომ ორ ქვეყანას, ორ ხელისუფლებას შორის შესაბამისი ურთიერთობები იყოს. ნაცვლად ამისა, ვხედავთ, რომ დღეგამოშვებით ოპოზიცია უზით თავიანთ საელჩოებში ან თვითონ დადიან ოპოზიციასთან ოფისებში. მარტივი ტესტია, წარმოიდგინეთ, ჩვენმა ელჩებმა ზუსტად იგივე აკეთონ გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში. ვინმე კლასის დამრიგებლად არის აქ დანიშნული, რომ ყოველდღე ჩაგვერიოს? ევროკავშირი ჩვენს პროგრესს აფასებს შესაბამისი დოკუმენტებით, მათ შორის ყოველ წელს, ოქტომბერში ქვეყნდება ამგვარი დოკუმენტები, რომლებიც კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებენ. ახლა ოქტომბერში გამოქვეყნდა ასეთი დოკუმენტი, რომელშიც, ერთი ფაქტორის გარდა, თითქმის ყველა ფაქტორში გვქონდა პროგრესი. ჩვენ ვნახეთ ეს სხვადასხვა დროს. აიღეთ ნებისმიერი შედარება კანდიდატ ქვეყნებთან, ახლახან გამოქვეყნდა „ჰერითეიჯ ფონდის“ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანას ვასწრებთ. აბა, გამოიცანით, რამდენ კანდიდატ ქვეყანას ვასწრებთ? ყველას. სხვათა შორის, დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასება ეკონომიკასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ვართ ლიდერები, ერთ-ერთ ფაქტორად, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეკონომიკურ ზრდას, ასახელებენ პოლიტიკური სტაბილურობის გამოწვევას. ამას ამბობს ერთი ხელით ევროკომისია და მეორე ხელით ბრიუსელი აფინანსებს რადიკალებს საქართველოში „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მეშვეობით. როგორი ქცევაა, როდესაც თან ამბობ, რომ პოლიტიკური არასტაბილურობა არის გამოწვევა ეკონომიკისთვის და მეორე ხელით თავად, ევროკავშირის მოქალაქეების ფულით აფინანსებ ბრიუსელიდან რადიკალებს, რადიკალურ „ენჯეოებს“, რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს, აფინანსებ პროპაგანდას და დეზინფორმაციას? ამის მტკიცებულებები ბევრჯერ მომიტანია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.