სამართალი
პროკურორი: სასამართლომ მიიჩნია, რომ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. კორუფციაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი უკვე არის კორუფციულ დანაშაულში მსჯავრდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დადგენილია, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, გამოხატული სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების პირადი ფუფუნების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, – ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა.

პროკურორის თქმით, წლების განმავლობაში დაცვის მხარე ცდილობდა, დაეკნინებინა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

აღნიშნული თანხა, ცხრა მილიონი ლარი, ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას და ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილებაც შეიცვლება და დაუბრუნდება პირვანდელ კვალიფიკაციას, როგორც ეს ბრალდების მხარეს ჰქონდა შეფასებული. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ ცხრა მილიონ ლარში იყო უამრავი ხარჯი, რომელიც პირად და გარემოცვის ფუფუნებას ემსახურებოდა, იქნებოდა ეს სოფო ნიჟარაძის მოგზაურობისა თუ საჩუქრების ხარჯები, იქნებოდა ეს თიკა ბოკუჩავასთვის ნაჩუქარი მობილური ტელეფონი, იქნებოდა ეს საზღვარგარეთის საკურორტო ზონებში გადახდილი თანხები თუ სხვა კიდევ უამრავი მსგავსი დანახარჯები, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ემსახურებოდა მხოლოდ ფუფუნებას და არავითარ შემთხვევაში არ იყო ნაკარნახევი სახელმწიფო ინტერესებით“, – განაცხადა პროკურორმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თემურ ჯანაშიას კი 300 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.