საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსი ძალიან აფასებს და მხარს უჭერს „საქართველოს ნაბიჯებს, დაიცვას თავისი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი“. „ეს შეესაბამება ჩვენს მიდგომებს“, განაცხადა მან.
ეს განცხადება 11 მარტს გამართულ ღონისძიებაზე გაკეთდა, სადაც ელჩებმა, მათ შორის ბელარუსში საქართველოს ელჩმა გიორგი საგანელიძემ, ლუკაშენკოს რწმუნებათა სიგელები გადასცეს.
მისი თქმით, საქართველო აკეთებს და „უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია“ და ხაზი გაუსვა ორ ერს შორის „ისტორიულ კავშირებს“, რაც, მისი შეფასებით, „მყარი საფუძველია სრულფასოვანი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განახლებისთვის“.
ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად. „საქართველოსთან ურთიერთობაში აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ გვაქვს“, – დასძინა მან.
ელჩმა გიორგი საგანელიძემ, რომელიც თავის მისიას მინსკში „საუკეთესო განწყობით“ შეუდგა, ორი ქვეყნის ხალხებს შორის დადებით დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი. მანამდე საგანელიძე 2023 წლის სექტემბრიდან ბელარუსში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო.
„ჩვენ გვესმის, რომ მარტივი დრო არ არის. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ურთიერთშეხების წერტილები და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი მიმართულებებით“, – დასძინა მან.
საგანელიძემ ოპტიმიზმი გამოთქვა ბელარუსულ-ქართული ურთიერთობების თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე გადაყვანის შესახებ. „ჩვენ უნდა ვეცადოთ პროგრესის მიღწევას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა ორივე ქვეყანასა და რეგიონში.
ბელარუსსა და საქართველოს შორის მჭიდრო დიალოგის შესახებ დასმულ კითხვაზე, საგანელიძემ განაცხადა: „აუცილებელია შემდგომი ურთიერთობების განვითარება, თუ ამას ორი ან მეტი მხარე მოისურვებს. ასეთი სურვილი აქვს როგორც ბელარუსის, ისე საქართველოს ხელმძღვანელობას. ვფიქრობ, თუ ძალიან ვეცდებით, ყველაფერი გამოვა“.
აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში მკაცრად გააკრიტიკეს. 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო ბიჭვინთაში ოკუპირებული რეგიონის მაშინდელ ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღრმა შეშფოთება გამოხატა და ვიზიტი მიუღებლად და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევად შეაფასა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ძირს უთხრის ორმხრივი ურთიერთობების პრინციპებს და საერთაშორისო სამართალს. მან ასევე გააკრიტიკა ლუკაშენკო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის.
2023 წლის თებერვალში ლუკაშენკომ მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის მაშინდელი ლიდერი ასლან ბჟანია მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ვიზიტი და განაცხადა, რომ აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას წარმოადგენს.
თუმცა, საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის ურთიერთობები სავარაუდოდ უფრო მჭიდროა, ვიდრე რეალურად ჩანს. საქართველომ და ბელორუსმა განავითარეს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების სფეროებში, რაც 2015 წლის აპრილში ალექსანდრ ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის შედეგად გააქტიურდა. ორმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა შეთანხმებას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ, ასევე რეადმისიის შესახებ შეთანხმებას და მისი განხორციელების ოქმს. 2016 წლის აგვისტოში ეს თანამშრომლობა გაფართოვდა და უსაფრთხოების სამსახურები მოიცვა.
2016 წელს, ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავდა „ოპერატიულ-ტექნიკურ თანამშრომლობას“. 2017 წლის დეკემბერში გომელაური დაესწრო ბელორუსის კგბ-ს 100 წლის იუბილეს და ხელი მოაწერა შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთდაცვის შესახებ, რაც ამყარებდა ურთიერთობას.
საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის შეთანხმების რატიფიცირება 2021 წელს, უკვე ბელორუსის საპროტესტო აქციების ჩახშობის შემდეგ მოახდინა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. ამ შეთანხმების განხორციელების დეტალებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ნაკლებობამ დიდი ეჭვები გამოიწვია. გომელაური ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებს და რამდენიმე ქვეყანამ მას სანქციები დაუწესა.