საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ნარკოტიკული დანაშაულების შემადგენლობა იმიჯნება, პასუხისმგებლობის ზომები მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადები იზრდება.
ახალი ნარკორეფორმის ფარგლებში სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, სასჯელის ზომები მკაცრდება როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა ან გადაგზავნისთვის, ასევე გასაღებისთვის.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ 260/1-ე მუხლი ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას. მკაცრდება დასახელებული დანაშაულისათვის სასჯელის ზომა.
ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსს“ 260/2-ე მუხლი ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან გასაღებაში ხელშეწყობას განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა მკაცრდება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, „სისხლის სამართლის კოდექსში“ 260/3-ე მუხლი ახლებურად ყალიბდება. აღნიშნული მუხლით ცალკე შემადგენლობად განისაზღვრება ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვა.
„სისხლის სამართლის კოდექსს“ 261/1-ე მუხლიც ემატება, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას. მკაცრდება პასუხისმგებლობა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, დამზადების, წარმოების, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის.
ცვლილებებით, დასჯადად ქმედებად განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდება, ჩადენილი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 45-ე მუხლით ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის ან „სისხლის სამართლის კოდექსის“ 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ – ასეთი ქმედება დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით – 120-დან 140 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.