სამართალი
სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით თსუ-ს ორი ლექტორი დაითხოვეს

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორი ლექტორი – ასოცირებული პროფესორი გიორგი ცერცვაძე და პროფესორი ირინე ხერხეულიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ლექტორები პროევროპული აქციების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

ცერცვაძემ ფეისბუქის პოსტში დაადასტურა სამსახურიდან გათავისუფლება და ირონიულად დაწერა: „დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო რეალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს“. მისი განცხადება, როგორც ჩანს, ეხმიანება „ქართული ოცნების“ აპრობირებულ კონსპირაციულ ნარატივს, რომლის თანახმადაც „დიფ სთეითისა“ და „გლობალური ომის პარტიის“ ძალები მანიპულირებენ ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკული გადაწყვეტილებებით საქართველოს შესახებ.

სამსახურიდან დათხოვნას ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში დაგმო ეს ფაქტი და მას „მძიმე“ და „დანაშაულებრივი“ უწოდა. „უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?“ – წერს იგი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საყვედურობს.

ერთი დღით ადრე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტმა აქციის რამდენიმე მონაწილე სტუდენტს სტატუსი შეუჩერა, ხოლო უნივერსიტეტის შენობაში გამართული პროტესტის გამო თითოეული 5 000 ლარით დაჯარიმდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა და ამის მოტივად საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად რეორგანიზაციის საჭიროება დაასახელა. გათავისუფლებულთაგან ბევრს ხელი ჰქონდა მოწერილი პეტიციაზე 2024 წლის ნოემბრის ბოლოს, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას და ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანისა და პროევროპული აქციების დაწყების შემდეგ, 400-მდე საჯარო მოხელე დაითხოვეს სამსახურიდან.