საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. დავით კეზერაშვილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ წილს აღარ ფლობს მას შემდეგ, რაც დარჩენილი 26%-იანი წილი არხის თანადამფუძნებლებს მიხეილ მშვილდაძეს და ზურაბ გუმბარიძეს ოფიციალურად გადასცა.
„ფორმულას“ წილები ახლა ასე ნაწილდება: მიხეილ მშვილდაძე – 38.25%; ზურაბ გუმბარიძე – 32.25%; თავისუფლების ფორმულა – 25%; ირაკლი საღინაძე – 2.25% და გიორგი ლიფონავა – 2.25%.
2023 წელს კეზერაშვილმა განაცხადა, რომ უარს იტყოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ კონტროლზე და მის მფლობელობაში არსებული 51%-იანი საკონტროლო პაკეტის 25%-ი სიმბოლურ 1 ლარად გადასცა ტელევიზიის ხელმძღვანელობასა და ჟურნალისტებს. მან პირობა დადო, რომ დარჩენილი წილი სრულად გადაეცემოდა მათ „ოლიგარქიული მმართველობის“ დასრულების შემდეგ.
ტელეკომპანია „ფორმულა“ საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა, მაუწყებლობა კი ამავე წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. „ფორმულა კრეატივის“ გუნდმა ტელეკომპანია მას შემდეგ დააარსა, რაც ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილმა ტელეკომპანია დატოვა და ოპოზიციურ არხებს „ფორმულას“ და „მთავარ არხს“ შეუერთდა.