საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „დიფ სთეითმა“ და გლობალურმა ძალებმა რუსეთის წინააღმდეგ „უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს“. ეს განცხადება სიტყვასიტყვით იმეორებს კრემლის ნარატივს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან ომში დასავლეთს ადანაშაულებს. მდინარაძემ გაიმეორა ნარატივი, რომ საქართველო „წინასწარ დაწერილ სცენარში“ მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაისაჯა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების „მარიონეტულმა“ მთავრობებმა „დიფ სთეითის“ ფუნქცია საკუთარ თავზე აიღეს და „საქართველოს ხელისუფლების დამხობას“ ცდილობდნენ.
პროქსი ომი რუსეთის წინააღმდეგ, გლობალური ომის პარტია და საქართველოს განადგურების გეგმა
მდინარაძემ განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით პროქსი ომის“ წარმოებას „დასუსტებული ევროპა“ და „განადგურებული უკრაინა“ მოყვა შედეგად.
მისი თქმით, გლობალურმა ძალებმა „უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია“. „რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია „დიფ სთეითი“ ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი“ ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო“, – აცხადებს მდინარაძე.
„თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა“ აიღეს საკუთარ თავზე“, – აღნიშნა მდინარაძემ. „ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს“.
„გლობალურ ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“ საუბრისას, მან ასევე გააკრიტიკა ზოგადად ევროკავშირის წევრი ქვეყნები და განაცხადა, რომ მათმა „სუვერენიტეტწართმეულმა“, „ეგრეთწოდებულმა მთავრობებმა“ იკისრეს აიღეს საკუთარ თავზე „დიფ სთეითის“ ფუნქცია მას შემდეგ, რაც „დახურეს USAID, NED და „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები“.
ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები ყველაზე აქტიურად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. გასულ კვირას ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დასანქცირებულ პირთა სიას ათობით ქართველი ჩინოვნიკი დაამატეს, მათ შორის სასამართლო ქმედებებისა და დარბევების გამო.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება“ და რომ „არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო“. მან დასძინა, რომ „ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, დიფ სთეითის კარნახით მოქმედებენ“.
შემდეგ მან აღნიშნული სახელმწიფოები დაადანაშაულა იმაში, რომ „უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა“.
„სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ დიფ სთეითის პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს“, – დასძინა მდინარაძემ.
მდინარაძემ განაცხადა, რომ „დიფ სთეითმა“ განიცადა „რებრენდინგი“ და „მოდერნიზაცია“, და „ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას“. „ამიტომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს“, – აღნიშნა მან.
შემდეგ მან პრეზიდენტ ტრამპს წარმატებები უსურვა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს“.
„მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები – ეს არის რეალური ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.
„მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში დიფ სთეითის დამარცხება“, – დასძინა მდინარაძემ.