ეს განცხადება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ დღეს ბათუმში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის თქმით, სტურუას გათავისუფლება მისთვის ძალიან პრინციპული საკითხია. „სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელთაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს“, – განაცხადა რურუამ.
რურუას მიაჩნია, რომ „ჩვენი დაუძინებელი მტერი ამით აუცილებლად ისარგებლებს, ამის საშუალება თუ ექნება..“
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ადამიანს, რომელსაც ასეთ ღირებულებათა სისტემა აქვს, არ ეკავოს საკვანძო სახელმძღვანელო პოზიცია, ეს არის და ეს. ზოგადად, სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი არ უქმდება და ეს პოსტი არც რუსთაველის თეატრში გაუქმდება“, - აღნიშნა მინისტრმა.
გავრცელებული ინფორმაცია რუსთაველის თეატრის მმართველ ზაალ ჩიქობავას მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ მინისტრმა არ დაადასტურა. მისი განმარტებით, ჩიქობავა თანამდებობაზე დარჩება.
ამასთან, რურუამ ისიც აღნიშნა, რომ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა ამ დროისთვის არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოდან გათავისუფლდა. 9 აგვისტოს გამოცემულ შესაბამის ბრძანებას ხელს აწერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა.
საქინფორმი