სამართალი
პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტი განიხილეს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 3 მარტის სხდომაზე "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" პროექტი განიხილა. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართა.

პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი იყო აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი.

პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავდა და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამო იყო.

კანონპროექტით ძირითადად წესრიგდებოდა შემდეგი საკითხები:

უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;

სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;

უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" ინიციატორები "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" დეპუტატები იყვნენ.