საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. დიდი მარხვის დაწყებამდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიტევების კვირას მორწმუნეებს შენდობის თხოვნის მნიშვნელობა შეახსენა და იესო ქრისტეს მაგალითი მოიყვანა, რომელიც ჯერ კიდევ ჯვარცმამდე ლოცულობდა ხალხის შენდობისთვის.
შენდობის დღე წინ უძღვის დიდ მარხვას, რომელიც, ქრისტიანული სწავლებით, სწორედ სინანულისა და სულიერი განწმენდის მარხვას წარმოადგენს. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას შეუნდობს. შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას.
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათვის... და ამ დროსაც კი მაცხოვარი მამა ღმერთს ავედრებდა იმ ხალხს, რომელმაც გაწირა და არ დაიცვა იგი და სთხოვდა, ეპატიებინა მათთვის ეს ბოროტება და არ მოეხსენებინა უსჯულოებანი მათნი", - ნათქვამია მიტევების კვირასთან დაკავშირებულ ლია მეორის მიმართვაში.
პატრიარქმა ყველას მოუწოდა მოწყალე იყვნენ ერთმანეთის მიმართ, განიწმინდონ გული შურისა და მტრობისგან და დაადგნენ ჭეშმარიტების გზას. მან ასევე პატიება სთხოვა ყველას, ვინც, შესაძლოა, გაანაწყენა.
„მეც, მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 2025 წელს აღდგომის მარხვა 3 მარტს დაიწყება და 20 აპრილს დასრულდება.