სამართალი
ცხინვალი და ნიკარაგუა „დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზების გაუქმებაზე“ შეთანხმდნენ

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონმა და ნიკარაგუამ 27 თებერვალს მოსკოვში ხელი მოაწერეს შეთანხმებას „დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი და უცხოური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო ფორმალობების ორმხრივი გაუქმების შესახებ“, ნათქვამია ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

დოკუმენტს ცხინვალის „საგარეო საქმეთა მინისტრ“ ახსარ ჯიოევსა და ნიკარაგუის „ელჩს“ ალბა ასუსენა ტორეს მეხიას შორის გამართული შეხვედრის ფარგლებში მოეწერა ხელი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცხინვალის ე.წ. „ელჩი“ ნიკარაგუაში ნარიმ კოზაევი და რუსეთის ფედერაციაში ნიკარაგუას საელჩოს მინისტრი-მრჩეველი კლაუდიო ანტონიო არანა.

ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, მხარეებმა „განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის მათი გაძლიერებისა და განვითარების, ასევე საერთაშორისო დღის წესრიგის საკითხები“.

ნიკარაგუა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2008 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ საქართველოს ორივე რეგიონის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება.