ტრამპი 20.01.25 – 25.02.27
ინაუგურაციის დღიდან აქამდე, დონალდ ტრამპს არ დაუშვია არცერთი შეცდომა და განახორციელა იმაზე მეტი გლობალური ცვლილება, ვიდრე აშშ-ის ნებისმიერმა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტის შემდეგ.
ტრამპმა ამერიკა მეორედ „აღმოაჩინა“, როცა ამერიკელებს შეახსენა, რომ ღმერთმა შექმნა ქალი და მამაკაცი და აიყვანა ეს ფაქტი ამერიკული პოლიტიკის რანგში, რითაც გადაარჩინა ამერიკელი ხალხი "გენდერული" გადაგვარებისგან.
ტრამპმა, ამერიკული პოლიტიკის ძირითადი პრინციპის დაძლევით, რომელსაც ყველა მისი წინამორბედი იცავდა - "რუსეთი მტერია, რომელიც უნდა გადანადგურდეს" - აღმოაჩინა უზარმაზარი ფინანსური რეზერვები ოვალური კაბინეტიდან გამოუსვლელად. გაირკვა, რომ რუსული საფრთხის შესახებ ლეგენდის საფარქვეშ ამერიკის ბიუჯეტის ნახევარი იფლანგებოდა რუსეთთან პროქსი-ომზე, სოციალურ ფსევდო-დახმარებაზე, „საერთაშორისო განვითარებაზე“ და ფეიქ-მედიაზე, რაც აშშ-ის ასტრონომიული სახელმწიფო ვალის მიზეზად და არანაკლებ ასტრონომიული კორუფციის წყაროდ იქცა.
ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელმაც უარყო მეორე დოგმაც იმის დემონსტრირებით, რომ შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები კარდინალურად განსხვავებულია, ამიტომ ამერიკელების გაიგივება ბრიტანელებთან, მათი ანგლოსაქსებად განზოგადება, საერთო მიზნებითა და მისიით („ერთი ერი, ორი სახელმწიფო“), დიდი შეცდომაა.
ტრამპმა დაამსხვრია ერთიანი დასავლეთის მითი იმის დაამტკიცებით, რომ ევროპა დიდი ხანია შეერთებული შტატების თანასწორი და სტრატეგიული პარტნიორი კი არა, მხოლოდ ბებერი მხევალია. ევროკავშირი, რომელიც მხარს უჭერდა შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციას და მას რუსეთთან ომისკენ აქეზებდა, ამიერიდან მსოფლიოში მოწყალების სათხოვნელად იხეტიალებს, სანამ ევროპელები არ დაამხობენ თავიანთ ნეონაცისტურ მთავრობებს - რუსეთისთვის რევანშის აღებისა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების გადასინჯვის ილუზია რომ გააჩნიათ.
ტრამპის ისტორიული როლი მდგომარეობს ყოველივე ზემოთქმულში და იმაშიც, რომ მან მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისგან იხსნა.
ვაშინგტონი-მოსკოვი-პეკინი
ტრამპი, ლუკაშენკოსავით, თავისი ქვეყნის გულმოდგინე მბრძანებელია, რომელიც ისწრაფვის ამერიკის გამდიდრებისა და აყვავებისკენ. ამიტომ, მრავალპოლარული სამყარო, თუ იგი გულისხმობს მრავალფეროვნებას, როგორც LGBTQI+ დროშაზე, მისთვის მიუღებელია - ტრამპისთვის საკმარისია სამპოლარული სამყარო. დონალდ ტრამპს ურჩევნია ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან დაიჭიროს საქმე, რადგან ისინი დიდი სახელმწიფოების უდავო ლიდერები არიან; რადგან ისინი თავიანთი სიტყვის პატრონები არიან; რადგან ისინი გულწრფელები არიან ტრამპთან და მათი თვალსაზრისი მისთვის გასაგები და პატივსაცემია; რადგან რუსეთთან და ჩინეთთან ჯანსაღი კონკურენცია შესაძლებელია. და, მაშასადამე, მომავალი ეკუთვნის არა ვაშინგტონი -ბრიუსელი-ლონდონის, არამედ ვაშინგტონი-მოსკოვი-პეკინის სამკუთხედს, რომელიც 80 წლის შემდეგ ჩაანაცვლებს ვაშინგტონი-მოსკოვი-ლონდონის სამკუთხედს.
რუსეთმა, რომელიც დაიღალა დაუსრულებელი დაპირისპირებებით – ევროკავშირთან, კერძოდ, გერმანიასა და საფრანგეთთან, ზოგიერთ ყოფილ სსრკ-ის რესპუბლიკებთან, კერძოდ, საქართველოსა და სომხეთთან, ტრამპის წყალობით, მიიღო შესაძლებლობა, გაარკვიოს ურთიერთობები აშშ-სთან. ხოლო დანარჩენები თავადვე მიირბენენ თაყვანის საცემად მოსკოვში, როგორც მაკრონი – ვაშინგტონში.
თბილისი-ერევანი-ბაქო
ვითარება ამიერკავკასიაში არასტაბილურია. თუ სულ ცოტა ხნის წინ სომხეთი რუსეთის ფედერაციის მოკავშირე იყო EAEU-CSTO-ში, აზერბაიჯანი - მეგობრული ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი და მხოლოდ საქართველოს შეჰქონდა დისონანსი თავისი ევროატლანტიკური კურსით, ბოლო ხანებში ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ როდი შეიცვალა. სომხეთმა, საქართველოს კვალდაკვალ, კურსი დასავლეთისკენ აიღო, ხოლო აზერბაიჯანი, რომელიც დარჩა პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევის კურსისა - „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“ და თურქეთთან 33-წლიანი დიპურთიერთობების განმავლობაში ხელმოწერილი ხელშეკრულებების ერთგული, რუსეთს შორდება. მიზეზად ბაქოდან გროზნოში მიმავალი და ყაზახეთში გადამისამართებული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“-ის ლაინერის აქტაუში ჩამოვარდნა გახდა, რაც, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა დივერსიას აზერბაიჯანისა და რუსეთის ერთმანეთისთვის წაკიდების მიზნით. შეგახსენებთ, რომ პუტინმა მიიღო ერდოღანის ბოდიში 2015 წელს თურქეთის მიერ ჩამოგდებული რუსული „СУ-24-ისა და მისი ჩაცხრილული ეკიპაჟისთვის, მაგრამ ილჰამ ალიევისთვის ვლადიმერ პუტინის ბოდიში, როგორც ჩანს, „არასაკმარისი“ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დღეს რუსული წარმომადგენლობები დასავლური წარმომადგენლობებთან პარალელურად იხურება, ამავდროულად, ბაქო, ანკარას კვალდაკვალ, ადასტურებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას და მას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ანკარა-ლონდონი-თელ-ავივზე, როგორც სამკუთხედზე საუბარი გადაჭარბებაა, მაგრამ დიდ ბრიტანეთს და ისრაელს ასევე აქვთ გარკვეული ინტერესი აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. ამიტომ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალგზის გამოცხადებული ხელმოწერის ნაცვლად, ახალი სამხედრო მოქმედებები არ არის გამორიცხული. სომხეთში შიდა ვითარება არასტაბილურია, თუმცა ნაკლებად, ვიდრე საქართველოში, სადაც ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამერიკის საელჩო "დამუნჯდა" - იმდენად იყო პოლიტიზებული, როგორც წინა ადმინისტრაციის კურსის გამტარებელი, რომ დღეს აშშ-ის ელჩს არაფერი აქვს სათქმელი...
როგორც დასავლეთი აზერბაიჯანისთვის საინტერესოა მხოლოდ როგორც ნახშირწყალბადების შემსყიდველი და პარტნიორი მილსადენების მშენებლობაში, რაც არანაირად არ აისახება ბაქოს ურთიერთობაზე მოსკოვთან, საქართველოშიც ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლის ლუსტრაციამ და სანქციებმა თბილისი მოსკოვთან იოტისოდენადაც ვერ დააახლოვა. არ გაუქმებულა შესაბამისი საკანონმდებლო აქტები, არ დაიხურა რუსული ოკუპაციისა და ომის მუზეუმი, სკულპტურული შედევრი - სტალინის ბრინჯაოს ძეგლი - კვლავ უპატრონოდ, პირქვე აგდია გორის მახლობლად სიმინდის ყანაში, აღინიშნება საბჭოთა ოკუპაციის კვირეულები, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ლექსიკონში უწინდებურად „ოკუპანტია“, რომელთანაც დიპურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დეოკუპაციის შემდეგ (ამ უკანასკნელზე თვალი თურქეთს უჭირავს), ხოლო უკრაინას კვლავ „მეგობარ ქვეყნად“ მოიხსენებენ.
სენტენცია - "საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძებდნენ და აიძულებდნენ შეერთებოდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს, აშშ-სა და ევროკავშირის "Deep State“-ები, ამიტომ საქართველო რჩება ევროატლანტიკური კურსის ერთგული - ევროკავშირში, ნატოში გაწევრება და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა - უნაკლო როდია. თუნდაც დავუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი უსამართლო მოპყრობა იყო "Deep State“-ებისა და არა ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური ხელმძღვანელობის ნამოქმედარი, რომელიც ვითომდა ამ "Deep State“-ების „მონობაშია“, ჩნდება კითხვა: პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის უმოკლეს ხანებში დამყარებას და ეს შეთანხმება ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს - მის მფლობელობაში კონტროლირებადი ტერიტორიების დარჩენას. თანახმაა თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე იმავე პირობებით - შერჩეს რუსეთს მის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები? ნუთუ „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ ტრამპი, რომელსაც კანადის, გრენლანდიის აშშ-სთვის მიერთება სურს და პანამას პანამის არხის წართმევას, რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს წაართმევს, რათა საქართველოს დაუბრუნოს?!
ტრამპი ტუსკი როდია, თუმცა ორივე დონალდია: თანახმაა თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დაივიწყოს NATO, როგორც ტრამპა უკრაინას თავისი კაბინეტის პირველ სხდომაზე შეუთვალა? ნუთუ „ქართული ოცნება“ კვლავაც მიესწრაფვის ევროკავშირში, რომელიც, როგორც ტრამპმა გუშინ განაცხადა, „შეიქმნა შეერთებული შტატებისთვის ზიანის მიყენების მიზნით და კარგადაც შეასრულა ეს“?
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
27.02.2025
საქართველო, თბილისი