საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2024 წლის ანგარიშები მოისმინეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში წარადგინა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეისა და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში.
„საპარლამენტთაშორისო კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დამფუძნებელ წესდებაში (რეგლამენტში) შესწორებების შემტანი კომიტეტის პირველ სხდომაში და ასევე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს საშემოდგომო სხდომაში. „წესდების თანახმად, რომელიც დაახლოებით 30 წლის წინ იყო მიღებული, რუსეთის ფედერაციას ეძლეოდა მუდმივად პრეზიდენტის პოზიციის ქონის ხოლო, საბერძნეთს აღმასრულებელი მდივნის პოზიციის შენარჩუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, საწესდებო კომისიის გადაწყვეტილებით, წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რუსეთის ფედერაცია აღარ იქნება საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი პრეზიდენტი ქვეყანა.
ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ასამბლეის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ევროპაში ქრისტიანული ფასეულობების წინ წამოწევა და მისი ასახვა ევროპის პოლიტიკურ თუ სოციალურ ცხოვრებაში.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში სხდომაზე ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.
მისი ინფორმაციით, ასამბლეის ზამთრის სხდომის ძირითადი თემატიკა შეეხებოდა ეუთოს რეგიონის უსაფრთხოებას, უკრაინასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, აგრეთვე სხვა გამოწვევებსა და ეუთო-ს, როგორც ორგანიზაციის, როლს მათ გადაჭრაში.
პლენარულ სხდომაზე გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული უკანონო ქმედებების შესახებ ისაუბრა.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე, რომელიც მისი თქმით, საქართველოს დელეგაციისთვის საკმაოდ რთული სხდომა იყო. მისი ინფორმაციით, ამერიკულმა დელეგაციამ საბოლოო დოკუმენტებში შემოიტანა ისეთი შესწორებები, რომელიც ქართული დელეგაციისთვის მიუღებელი იყო. სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ნიკოლოზ სამხარაძეს ჰქონდა რამდენიმე მწვავე გამოსვლა. „მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში - რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან - „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო“, - განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა.
როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ასე მწვავედ შელახვის გამო, საქართველოს დელეგაციამ საბოლოო დეკლარაციის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელმა განცხადა, რომ ეუთო-ს სახელით, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სამ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში: აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებში, ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში.
„გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ პირველად საქართველოს წარმომადგენელი დაინიშნა ეუთო/ოდირის, ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებული სადამკვირვებლო მისიის ხელმძვანელად. რაც ნიშნავს იმას, რომ პირველი განცხადება არჩევნების შეფასებასთან დაკავშრებით საერთაშორისო ორგანიზაციების სახელით სწორედ მე გავაკეთე სკოპიეში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიში კოლეგებს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა წარუდგინა.
„საანგარიშო პერიოდში, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის საქმიანობის მთავარი მიზანი იყო უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირში წევრობის საკითხზე მხარდაჭერის მობილიზება და აგრეთვე, როგორც ევროკავშირის ასევე პარტნიორ სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენები, ევროინტეგრაციის მიმართულებით, არსებული განვითარებები, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და საერთაშორისო მოვლენების კვალდაკვალ ჩვენი პოზიციების დაახლოება“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისი განცხადებით, 2024 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასამბლეაში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით წარდგა. მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში გაიმართა ბიუროს სხდომები, პლენარული სესია, 4 კომიტეტის სხდომა და სამუშაო ჯგუფის სხდომა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ანგარიში კოლეგებს ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ წარუდგინა.
მისი განმარტებით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობდა ოთხივე სესიაში. ასამბლეაზე მისაღები რეზოლუციების ირგვლივ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები. საქართველოს დელეგაციის ინიციატივით რეზოლუციაში შევიდა ცვლილება, რომელმაც რეალურად ასახა საქართველოს მიერ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ფაქტი.
მომხსენებლის ინფორმაციით, სესიის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის წევრებმა საქართველოს დელეგაციის წევრი გივი მიქანაძე თავმჯდომარედ, ერთი წლით, მეორე ვადით აირჩიეს. მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა საპარლამენტო ასამბლეის როგორც ზაფხულის ასევე, საშემოდგომო სესიების განმავლობაში გაწეულ აქტივობებზე.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს უსაფრთხოებაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გავლენა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და ასევე, წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP).
ვიზიტისას მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა ნატო-ს შტაბ-ბინაში, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები. განსაკუთრებული დრო დაეთმო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებისა და გაღრმავების შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, რაზეც ქართველი კანონმდებლების მხრიდან, ხაზი გაესვა საქართველოს ნატო-ში გაწევრების პროცესის მნიშვნელობის საჭიროებას. ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განხილული იყო ასამბლეის კომიტეტების მიერ რიგი ანგარიშები, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს პროგრესი ნატოსთან დაახლოების და განხორციელებული რეფორმების კუთხით. ხაზგასმით აღინიშნა რომ საქართველო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად გახდება ალიანსის წევრი. ასამბლეის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის ბიუროს წევრებთან. ასამბლეის ფარგლებში მიღებული იყო დეკლარაცია, სადაც საუბარია ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს მხარდაჭერაზე.