საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველო არის ერთადერთი თანასპონსორი აშშ-ის დელეგაციის მიერ უკრაინის შესახებ გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარდგენილი იმ რეზოლუციისა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის კრიტიკას, განაცხადა Wall Street Journal-მა 22 თებერვალს.
საერთაშორისო მედია იუწყება, რომ აშშ-ის პროექტი არ ადანაშაულებს რუსეთს ომში, „ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას“ და წუხილს გამოთქვამს „რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში ტრაგიკული მსხვერპლის გამო“. შემცირებული სამი აბზაციანი პროექტი წინა ვერსიის ტონს ცვლის. ის თავს არიდებს აგრესიაში რუსეთის დადანაშაულებას და მოსკოვს კონკრეტულ მოთხოვნებს არ უყენებს.
გამოცემის თანახმად, პარასკევამდე აშშ ევროპელებთან მუშაობდა 21-პარაგრაფიან პროექტზე, რომელიც ქვეყანაში რუსეთის შემოჭრის დამანგრეველ გავლენას აღწერდა და სხვა საკითხებთან ერთად ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას ითხოვდა. პარასკევს, გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა სთხოვა უკრაინას უკან გაეწვია ეს რეზოლუციის პროექტი. უკრაინამ ამაზე უარი თქვა და მისი ევროპელი პარტნიორებიც კვლავ თავდაპირველ ვერსიას ემხრობიან.
2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის შესახებ რეზოლუცია ყოველწლიურად წარედგინება გაეროს გენერალურ ასამბლეას. საქართველოს ხელისუფლება წინა წლებში მხარს უჭერდა უკრაინის რეზოლუციას. თუმცა, განახლებული პოზიცია შესაძლოა რუსეთთან მისი პოლიტიკის დაახლოების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ასევე სურს ურთიერთობის დალაგება ვაშინგტონთან, რომელიც მინიმუმამდე შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დააწესა პროევროპული და პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის გამო.
უკრაინასთან დაძაბული ურთიერთობებისა და უკრაინის ხელისუფლებაზე ხშირი თავდასხმების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინას და აცხადებს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ფორუმებზე.