პოლიტიკა
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო „„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, გრანტების გაცემის შესაძლებლობა ექნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის წესდების მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა.

ამასთან, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს ექნება უფლებამოსილება, საჭიროებისამებრ გამოსცეს ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილება განპირობებულია სამთავრობო პროგრამაში დაფიქსირებული მთავრობის ამოცანით, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერას. მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.