პუბლიკაციები
რუსეთმა აფხაზეთში ე.წ. საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების თანხა გადარიცხა

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთმა აფხაზეთის ე.წ. საბიუჯეტო სექტორის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადასახდელად მეორე ტრანშის სახით 72 მლნ რუბლი (814.300 დოლარი) გადარიცხა. ამის შესახებ დე ფაქტო ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ დელბამ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ტრანშის ფარგლებში 344 მლნ რუბლი (3,9 მლნ დოლარი) განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის მუშაკების ხელფასებისთვის გამოიყო.

იანვრის სახელფასო ფონდი სრულად დაფინანსდა და აფხაზეთი თანადაფინანსების რეჟიმის უზრუნველყოფას განაგრძობს“, – აცხადებს დელბა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მინისტრ ანტონ სილუანოვისა და კრემლის ფავორიტ ე.წ. საპრეზიდენტო კადიდატ ბადრა გუნბას 6 თებერვლის შეხვედრის შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება აფხაზეთისთვის 344 მლნ რუბლის (3,9 მლნ დოლარის) ფინანსური დახმარების შესახებ.

ცნობისთვის: რუსეთმა ე.წ. საინვესტიციო ხელშეკრულების მიღების მოთხოვნით აფხაზეთში დე ფაქტო საბიუჯეტო სექტორის თანამშრომელთა ხელფასების თანადაფინანსება 1 სექტემბრიდან ჯერ ნაწილობრივ, ხოლო 1 ნოემბრიდან მთლიანად შეაჩერა.

15 თებერვალს აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, პირველ ტურში კრემლის პროსახელისუფლო კანდიდატმა ბადრა გუნბამ - 46,38%, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ 36,92% მიიღო. მეორე ტური 1-ელ მარტს ჩაინიშნა.