საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 403.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 46.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.6 პროცენტით გაიზარდა და 186.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი 31.7 მლნ აშშ დოლარით, თურქეთი 20.3 მლნ აშშ დოლარითა და ჩინეთი 16.3 მლნ აშშ დოლარით.
2025 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 13.8 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტს შეადგენს; მეორე ადგილზეა მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 13.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 12.8 მლნ აშშ დოლარით.