აქტუალური
აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დე ფაქტო მთავრობას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ადგურ არძინბა დე ფაქტო მთავრობას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა Respublica იუწყება.

როგორც არძინბამ განაცხადა, ოპოზიციას და დე ფაქტო ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანიას გადადგომის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტს, ბადრა გუნბას უნდა შეესრულებინა. მან კი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა, ხოლო ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ახლა ვალერი ბგანბა ასრულებს. არძინბას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ საარჩევნო პროცესში, რაც კანონის დარღვევაა.

ე.წ. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ასევე ამბობს, რომ 15 თებერვალს საარჩევნო უბნებთან რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი იმყოფებოდა, რომლებიც „აფხაზეთის მოქალაქეები არ არიან“.

ცნობისთვის, აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ორი კანდიდატი, ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა ლიდერობენ. პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. ე.წ. არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართება.