საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ბელარუსის ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს საპრეზიდენტო ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მილოცვა. წერილი დათარიღებულია 11 თებერვლით.
"მსურს მოგილოცოთ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში", - წერს ყაველაშვილი წერილში, როგორც ეს ბელარუსის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ნათქვამი.
ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ ყაველაშვილმა "მადლობა გადაუხადა ბელარუსის სახელმწიფოს მეთაურს გულწრფელი მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის, რომელიც მან ადრე მიიღო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით".
"ჩვენ ვაფასებთ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის არსებულ გრძელვადიან ურთიერთობებს. სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა არის ჩვენი ხალხების თანამშრომლობის და ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საფუძველი", - ლუკაშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ეწერა ყაველაშვილის წერილში.
ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით ლუკაშენკომ ხმების 87%-ზე მეტი აიღო.