საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ადამიანის უფლებათა კუთხით სტრასბურგის ასამართლოში დავების შესახებ ისაუბრა.
ბექა ძამაშვილის განმარტებით, იმ დარღვევებიდან, რომლებიც 2003-2012 წლებზე მოდის, უმეტესობა შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს, სიცოცხლის უფლებასა და წამებას.
ბექა ძამაშვილმა კომისიის სხდომაზე მაგალითად მოიყვანა რამდენიმე, მათ შორის, ოჩიგავას საქმე.
„ზოგადი სურათისთვის უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ჩვენი ქვეყნისთვის არის სავალდებულო, მთლიანობაში 282 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი ევროპული სასამართლოს მიერ. ამ დარღვევების 79 პროცენტი მოდის 2003-2012 წლებზე, პერიოდზე, რომელსაც ეს კომისია იკვლევს. რაც შეეხება ამ სტატისტიკას შინაარსობრივად, დარღვევების თითქმის ნახევარზე მეტი შეეხება ყველაზე მძიმე მუხლებს, მეორე და მესამე მუხლებს, სიცოცხლის უფლებას და წამებას. სხვა ხშირად დარღვეული მუხლები არის უკანონო პატიმრობა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება სასამართლოში, შეკრება-მანიფესტაციის უფლებების დარღვევა, საკუთრების უფლებების დარღვევა და სხვა. ასევე, ერთიანი სურათისთვის შეიძლება ითქვას, რაც გამოკვეთილია ყველაზე ხშირად, არის ის, რომ ამ მონაცემებიდან დაახლოებით ასამდე საქმეა, როდესაც პატიმრების სხვადასხვა უფლება არის დარღვეული. ეს შეეხება ციხეში წამებას, მკვლელობას, არასათანადო პირობებს, არასათანადო მკურნალობას. ჯამში, ასამდე საქმეა ამ მოცემულობიდან, რომელიც ამ პერიოდს ეხება და პენიტენციურ სისტემასთან, პატიმრების უფლებასთან არის დაკავშირებული. შეიძლება ითქვას, რომ დარღვევებისთვის, რაც ამ პერიოდს ემთხვევა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოუწია, დაახლოებით შვიდი მილიონი ლარი გადაეხადა, რათა ეს დარღვევები აენაზღაურებინა, მოეხდინა მათი კომპენსირება. ეს არის ოგადი სურათი.
სიცოცხლის უფლების ნაწილი და წამება იყო გამოკვეთილი ამ პერიოდში. საზოგადოებისთვის ცნობილია ისეთი საქმეები, როგორებიცაა გირგვლიანის საქმე, კორტების ოპერაციის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ციხის ბუნტის საქმე. ეს არის საქმეები, სადაც პირდაპირ სიცოცხლის უფლების დარღვევა აქვს ევროპულ სასამართლოს დადგენილი. ასევე, წამების მიმართულებით საილუსტრაციო, სამაგალითო საქმე იყო ოჩიგავას საქმე, რადგან მთელი სისტემა შეფასდა ოჩიგავას საქმეში. ეს იყო საქმე, სადაც ევროპულმა სასამართლომ გამოიყენა ტერმინი, რომ წამება იყო სისტემური და სისტემატური. ანუ, მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და ისეთი, რომელიც ხდებოდა არა ერთჯერადად, არამედ სისტემურად გრძელდებოდა. ოჩიგავას საქმეში არის აღწერილი არა მხოლოდ უშუალოდ მომჩივნის მიმართ წამების რა მეთოდები გამოიყენებოდა, არამედ უფრო ფართოდ, პენიტენციურ სისტემაში რა სისტემური მიდგომა იყო დადგენილი. დაწყებული იქიდან, პატიმარი პირველად როდესაც შედიოდა პენიტენციურ სისტემაში, როგორი მეთოდებით ხდებოდა ეს. იყო ეგრეთ წოდებული საკარანტინო მიღება, ხელჯოხებით ცემა. შემდეგ საკნებში ფეხზე დასადგომი ადგილი არ ჰქონდათ პატიმრებს, არ ჰქონდათ ძილის შესაძლებლობა, ეკრძალებოდათ საუბარი და ასე შემდეგ. თვითონ ოჩიგავას შემთხვევა იყო გამორჩეული, რადგან ადამიანი შევიდა ჯანმრთელი და სისტემური წამების შედეგად ის, ფაქტობრივად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გამოვიდა. მას აღარ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია ისეთი შემთხვევა, როდესაც მომჩივანი გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს. მან ცემისგან გონება დაკარგა და როდესაც გონს მოვიდა, მორგში იყო მიცვალებულებზე მიბმული. ეს არის საქმეები, რაც შეიძლება, მაგალითის სახით რამდენიმე გავიხსენოთ იმ დავებიდან, იმ გადაწყვეტილებებიდან, რომლებზეც დარღვევა არის დადგენილი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.