პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია. უპასუხისმგებლო მოქმედი პირები კი საფრთხეს წარმოადგენენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, „ომის დაწყების მესამე წლისთავზე ინიცირებული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი და მას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები უნდა წარუძღვნენ“.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზოგიერთი ევროპული ლიდერის მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ, რომ ომის პოლიტიკური არსი უკრაინას კი არა, რუსეთს შეეხება. ჩანს, რომ მათ იმდენად უკრაინის ბედი კი არ აწუხებთ, რამდენადაც რუსეთის დამარცხება სურთ. თუმცა ამ შიშნარევი თვალსაზრისის ძირითადი ფარისევლური არსი ისაა, რომ რუსეთი მათ კი არ უნდა დაამარცხონ, არამედ ვიღაც სხვამ და არა მათ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ სადღაც სხვაგან. ამიტომაცაა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციამ გაოგნება გამოიწვია ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში. ვაშინგტონმა გამოხატა პოზიცია, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობა და ომისა და ნგრევის შეჩერებაა. ავად თუ კარგად, ამერიკის ძირითად მიზანს რუსეთის დამარცხება უკვე აღარ წარმოადგენს (თუკი ოდესმე წარმოადგენდა) და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ აპირებს, ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გააგრძელოს. სანაცვლოდ, აშშ უკრაინაში მშვიდობაზე იზრუნებს.

ლიეტუვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლანდსბერგისი, რომელიც პოლიტიკოსების კონკრეტული საერთაშორისო ქსელის სახელით საუბრობს, ამ ვითარებით განსაკუთრებით აღშფოთებული ჩანს. ჩერჩილის პერიფრაზირებით, მან საერთაშორისო თანამეგობრობას ომის გაგრძელება ურჩია და „სისხლი, წვალება, ცრემლი და ოფლი“ შესთავაზა. თუმცა, ჩერჩილისგან განსხვავებით, მან ეს ყველაფერი არა საკუთარ ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვის იგულისხმა. მან ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც მხედველობაში ჰქონდა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და „სხვანი“. „ჩვენ ეს ადრეც გვიქნია და კვლავაც ვიზამთ“, – განაცხადა ლანდსბერგისმა, ისე, რომ ფაქტიც კი არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე მართლაც გაუკეთებია მსგავსი რამ ან მომავალში აპირებს. საინტერესოა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, უკრაინაში ომის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, თანაც ისე, რომ საკუთარ ღვინოს არ აწარმოებს. რა გასაკვირია, რომ ლანდსბერგისი მზადაა ესკალაციისათვის.

ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე, ამორალურია. უპასუხისმგებლო მოქმედი პირები კი საფრთხეს წარმოადგენენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის. თუკი ვინმე „სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, საკუთარი ინიციატივით სამხედრო ქმედებებს მიმართოს. თუ ვინმეს სურს, თავი გამოიჩინოს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა არ დაჰყოლოდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნით თუ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებით, რუსეთან ესკალაციის „რჩევებს“. თანაც ისე, რომ გართულების შემთხვევაში არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკურ დახმარებას გვთავაზობდა ვინმე. ეს წნეხი უფრო გააძლიერეს ადგილობრივმა რადიკალურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებსაც USAID-და NED-აფინანსებდნენ, რომელთა საქმიანობა ბოლო კვირებში სკანდალის საფუძველი გახდა. საქართველოს მთავრობა ამ „რჩევებს“ რომ დაჰყოლოდა, ახლა ქართველებს უხვად ექნებოდათ „სისხლიც, წვალებაც, ცრემლიც და ოფლიც“. ომის დაწყების მესამე წლისთავზე ინიცირებული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი და მას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები უნდა წარუძღვნენ და არა ისინი, ვისაც სხვის ხარჯზე სურს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება.

P.S. ლანდსბერგისთან და მის ბალტიელ კოლეგებთან ბოლო შეხვედრისას მე მათ ვუთხარი, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი რჩევა ყოველთვის არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას. იქვე ვკითხე, გვაჩვენა თუ არა დრომ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესებასა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარი, რომელსაც ისინი ნატო-არაწევრ საქართველოს „ურჩევდნენ“, სწორი იყო, ხოლო მათი „რჩევები“ – შეცდომა? მათ დუმილით მიპასუხეს, რაც მე თანხმობად მივიღე“, – წერს შალვა პაპუაშვილი.