2025 წლის 16 იანვარს ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ღია წერილით, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია:
„იცით თუ არა, ბატონო ირაკლი, რომ თურქეთში, რომელიც ოფიციალურად ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აპირებენ, გახსნან საარჩევნო უბნები მიმდინარე წლის 15 თებერვალს აფხაზეთში დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნებისათვის“? ერთ-ერთი ასეთი უბნის გახსნა დაგეგმილია სოხუმთან დაძმობილებულ ქალაქ ადაფაზარში, რომელიც საქარიის პროვინციის ცენტრს წარმოადგენს და თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს. ოფიციალურმა ანკარამ უკვე მისცა თანხმობა აფხაზეთის „ცესკო“-ს ამ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ - რატომ აგვიანებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და თურქეთის ელჩის გამოძახება? იქნებ თურქეთმაც უკვე აღიარა „აფხაზეთის რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა და თბილისში „ტყემალზე ზიან“?!“.
არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის დავალებით, თურქეთის ელჩი საქართველოში ალი კაან ორბაი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სასაუბროდ გამოიძახეს და ამ შეხვედრის დეტალები მან თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გააცნო. შედეგად, ოფიციალურმა ანკარამ გადაწყვიტა უარი ეთქვა აფხაზეთის „ცესკოსთვის“ და არ გაეხსნა საარჩევნო უბანი თავის ტერიტორიაზე. „აფხაზეთის ცესკომ“ მიზეზების ახსნის გარეშე, რათა არ გამოეწვია მიტინგი და არ ჩაეშალა „საპრეზიდენტო არჩევნები“, „უცებ“ გადაიფიქრა თურქეთის საქარიის პროვინციაში საარჩევნო უბნის გახსნა და მისთვის უკვე შექმნილი საარჩევნო კომისია დაშალა.
დღეს გვსურს დავუმატოთ რამდენიმე დეტალი, რომლებიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, თუ რამდენად სწორად მოიქცა პრემიერი კობახიძე, საქინფორმი-ს მიერ ატეხილ განგაშზე ოპერატიული რეაგირებით, ასევე - ოფიციალური ანკარა, რომელმაც არა მხოლოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგულება, არამედ თავიდან აიცილა დიდი სკანდალი, რადგან აფხაზეთის „პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატ“ ადგურ არძინბას თურქეთში დაბუდებულ ტერორისტებთან მჭიდრო კავშირი გააჩნია.
მაშ ასე: როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, აფხაზეთში „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, ანუ ა.წ. 15 თებერვლამდე, „აფხაზეთის რესპუბლიკის ცესკო“ თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხზე მუშაობდა. ირკვევა, რომ თურქეთში, „აფხაზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის“ დმიტრი მარშანის მხარდაჭერით, ამ თემას ლობირებდა თურქეთში ადგურ არძინბას ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი და მეგობარი - თურქეთში აფხაზეთის კულტურული ცენტრების ფედერაციის თავმჯდომარე ლევენტ ბელინი.
საარჩევნო უბანი, რომლის შესახებაც საქინფორმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ატყობინებდა, უნდა გახსნილიყო სასტუმრო „Premier Inn Sakarya“-ში, რომელიც ეკუთვნის თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ კარგად ნაცნობ ტოკჯანთა ოჯახს. სასტუმრო ბიზნესის მფლობელი ტოკჯანების ოჯახის უფროსი არის კრიმინალური ავტორიტეტი - ეთნიკურად აფხაზი მუჰამედ ემინ ტოკჯანი, იგივე გაბლია ტუგბაი. უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, დამატებით იტყობინება, რომ მუჰამედ ემინ ტოკჯანს, იმავე გაბლია ტუგბაის, აქვს პირდაპირი კავშირი ტერორისტულ მოძრაობებთან - რელიგიურ ექსტრემისტულ დაჯგუფება „აფხაზეთის ჯამაათთან“ და ტერორისტულ ორგანიზაციასთან „შამილის შვილიშვილები“, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მოქმედებდა. კერძოდ, მუჰამედ ემინ ტოკჯანი იყო 1996 წელს თურქეთში რუსი ტურისტებიანი ბორანი „ავრასიის“ გატაცების მთავარი ორგანიზატორი. მაშინ ტერორისტები მძევლების დახვრეტითა და გემის აფეთქებით დაემუქრნენ, რომელზეც 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, და მოითხოვდნენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეეწყვიტა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოფელ პერვომაისკოეს შტურმი.
საქართველოს მთავრობას უნდა ეცნობოს, რომ დღეს ექსტრემისტი, ე.წ. იჩქერიის მხარდამჭერი არაერთი შეიარაღებული აქციის მონაწილე, აფხაზი მუჰამედ ემინ ტოკჯანი - გაბლია ტუგბაი თურქეთის მიწაზე თავს მშვიდად გრძნობს, ის მილიონერია, აკონტროლებს სხვადასხვა ბიზნესს და არის დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული წარმომადგენელი. ესეც - მეორე ტურში გასული ორთაგან ერთი „აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატის“, საერთაშორისო ტერორიზმთან დამეგობრებული ადგურ არძინბას ამორალური სახე!
მეორე ტურში გაიმარჯვებს აფხაზეთის ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, მაგრამ „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერის, ადგურ არძინბას ჰიპოთეტური გამარჯვების შემთხვევაში თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგის ნებისმიერი შესაძლებლობა, ყოველ შემთხვევაში - მისი პრეზიდენტობის პერიოდში, გამორიცხულია
2025 წლის 16 თებერვალი
საქართველო, თბილისი