საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე:
საფრთხე, რომელიც პირადად მე ყველაზე მეტად მაღელვებს ევროპასთან დაკავშირებით, არის არა რუსეთი, არა ჩინეთი, არა რომელიმე სხვა გარე აქტორი. ის, რაც მადარდებს, არის საფრთხე შიგნიდან – ევროპის დაშორება მისი ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ღირებულებისგან, რომელსაც იზიარებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. მე გაოგნებული ვიყავი ცოტა ხნის წინ, როდესაც ყოფილი ევროკომისარი ტელევიზიაში მოხარული ჩანდა, რომ რუმინეთის მთავრობამ ახლახან გააუქმა მთელი არჩევნები. მან ყველა გააფრთხილა, რომ მოვლენები თუ გეგმის მიხედვით არ განვითარდება, ანალოგიური რამ, შესაძლოა, გერმანიაშიც მოხდეს. ეს განცხადება შოკის მომგვრელია ამერიკელებისთვის.
წლების განმავლობაში ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც ვაფინანსებთ და მხარს ვუჭერთ, უკრაინის პოლიტიკიდან ციფრულ ცენზურამდე, ხორციელდებოდა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების სახელით, ხორციელდებოდა, როგორც დემოკრატიის დაცვა, თუმცა როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნებს და მაღალჩინოსნები იმუქრებიან სხვების გაუქმებით, ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, ვინარჩუნებთ თუ არა შესაბამისად მაღალ სტანდარტს? ჩვენ უნდა გავაკეთოთ საუბარზე მეტი დემოკრატიული ღირებულებებისთვის.
ჭეშმარიტების ინტერესით, მე ზოგჯერ მიმაჩნია, რომ ცენზურის ხმამაღალი ხმები მოდიოდა არა ევროპის შიგნიდან, არამედ ჩემი ქვეყნიდან, სადაც წინა ადმინისტრაცია ემუქრებოდა და ჩაგრავდა სოციალური მედიის კამპანიებს ე.წ. დეზინფორმაციის ცენზურის მიზნით. მაგალითად, დეზინფორმაცია არის იდეა, რომ კორონავირუსმა, სავარაუდოდ, გაჟონა ჩინეთის ლაბორატორიიდან და ჩვენმა საკუთარმა მთავრობამ წაახალისა კერძო კომპანიები ხალხის გასაჩუმებლად, ვინც გაბედა აზრის გამოთქმა, რაც აშკარა სიმართლე აღმოჩნდა.
მე აქ მოვედი არა მხოლოდ დაკვირვებებით, არამედ შეთავაზებით. ბაიდენის ადმინისტრაცია ხალხის გაჩუმებას ცდილობდა, ტრამპის ადმინისტრაცია ზუსტად საწინააღმდეგოს გააკეთებს და ვიმედოვნებ, ჩვენ ამაზე ერთად ვიმუშავებთ. ვაშინგტონში ახალი შერიფია ქალაქში და დონალდ ტრამპის ლიდერობის დროს ჩვენ, შეიძლება, არ ვეთანხმებოდეთ თქვენს მოსაზრებებს, მაგრამ ვიბრძოლებთ თქვენი უფლებების დასაცავად.
ცივი ომი წარმოადგენდა დაპირისპირებას დემოკრატიის დამცველებსა და ამ კონტინენტზე უფრო მეტად ტირანიულ ძალებს შორის, რომლებიც ცენზურას უწესებდნენ დისიდენტებს, ხურავდნენ ეკლესიებს, აუქმებდნენ არჩევნებს. იყვნენ ისინი კარგი ადამიანები? ცხადია, არა, და მადლობა ღმერთს, ისინი დამარცხდნენ ცივ ომში. ისინი დამარცხდნენ, რადგან არ აფასებდნენ და არ სცემდნენ პატივს თავისუფლების სიკეთეებს – გაკვირვების, შეცდომების დაშვების, გამოგონების, შენების თავისუფლებას. როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელია, დაავალო ინოვაცია ან კრეატიულობა, ისევე როგორც არ შეგიძლია, აიძულო ადამიანებს, რა იფიქრონ, რა იგრძნონ ან რისი სჯეროდეთ. გვჯერა, რომ ეს რაღაცები არის ურთიერთდაკავშირებული. სამწუხაროდ, როდესაც დღეს ევროპას ვუყურებ, ზოგჯერ არ არის ცხადი, რა დაემართა ცივი ომის ზოგიერთ გამარჯვებულს.
მე ვუყურებ ბრიუსელს, სადაც ევროკომისრები აფრთხილებენ მოქალაქეებს, რომ ისინი აპირებენ სოციალური მედიის დახურვას სამოქალაქო არეულობის დროს, იმ მომენტში, როდესაც ისინი შენიშნავენ – ვციტირებ – „სიძულვილის შემცველ კონტენტს“; ან ქვეყანას, სადაც პოლიციას შეუძლია, რეიდები ჩაატაროს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან ინტერნეტში ანტიფემინისტური კომენტარების გამოქვეყნებაში – ვციტირებ – „ინტერნეტში მიზოგინიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში“.
მე ვუყურებდი შვედეთს, სადაც ორი კვირის წინ მთავრობამ გაასამართლა ქრისტიანი აქტივისტი ყურანის დაწვაში მონაწილეობისთვის, რასაც შედეგად მოჰყვა მისი მეგობრის მკვლელობა. მისი საქმის მოსამართლემ გულგრილად აღნიშნა, რომ შვედეთის კანონები, რომლებიც თითქოსდა იცავენ გამოხატვის თავისუფლებას, სინამდვილეში – ვციტირებ – „არ ანიჭებენ თავისუფლებას, გააკეთო ან თქვა რამე გარკვეული რწმენის ჯგუფის შეურაცხყოფის რისკის გარეშე“.
ალბათ რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ვუყურებ ჩვენს ძალიან ძვირფას მეგობარს, გაერთიანებულ სამეფოს, სადაც დაახლოებით ორი წლის წინ ბრიტანეთის მთავრობამ ბრალი წაუყენა 51 წლის ფიზიოთერაპევტსა და არმიის ვეტერანს, ადამ სმით კონორს საშინელ დანაშაულში, რაც მდგომარეობდა აბორტების კლინიკიდან 50 მეტრში დგომასა და სამი წუთის განმავლობაში ჩუმად ლოცვაში, ვინმესთვის ხელის შეშლის ან შეფერხების გარეშე. როდესაც ბრიტანელმა სამართალდამცველებმა შენიშნეს ის და ჰკითხეს, რისთვის ლოცულობდა, ადამმა მარტივად უპასუხა, რომ ლოცულობდა თავისი არდაბადებული შვილისთვის. ადამი დამნაშავედ ცნეს მთავრობის ახალი კანონის „ბუფერული ზონების შესახებ“ დარღვევაში, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარებს აბორტების დაწესებულებიდან 200 მეტრის რადიუსში ჩუმად ლოცვასა და სხვა იმგვარ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანის გადაწყვეტილებაზე. მას შეუფარდეს ათასობით ფუნტის გადახდა. ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო შეცდომა, ცუდად დაწერილი გიჟური კანონის ერთ-ერთი მაგალითი, თუმცა – არა. გასულ ოქტომბერს შოტლანდიის მთავრობამ მოქალაქეებისთვის წერილების დაგზავნა დაიწყო, რომელთა სახლები მდებარეობს ე.წ. წვდომის ზონებში და გააფრთხილა ისინი, რომ სახლებში ლოცვის შემთხვევაც კი, შესაძლოა, ამ კანონის დარღვევად ჩაითვალოს. ვშიშობ, რომ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სიტყვის თავისუფლება უკუსვლას განიცდის.
სიტუაცია ცუდად წარიმართა, როდესაც დეკემბერში რუმინეთმა გააუქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები სადაზვერვო სააგენტოს სუსტი ეჭვების საფუძველზე და კონტინენტური მეზობლების უზარმაზარი ზეწოლით. როგორც გავიგე, არგუმენტი იყო, რომ რუსულმა დეზინფორმაციამ გავლენა იქონია რუმინეთის არჩევნებზე. თუმცა მე ვეტყოდი ჩემს ევროპელ მეგობრებს, შეგიძლიათ, გჯეროდეთ, რომ არასწორია, რომ რუსეთი ყიდულობს რეკლამას სოციალურ ქსელებში, რათა გავლენა მოახდინოს თქვენს არჩევნებზე. თქვენ შეგიძლიათ, დაგმოთ ეს მსოფლიო დონეზე, თუმცა თუ თქვენი დემოკრატიის განადგურება შესაძლებელია რამდენიმე ასეული ათასი დოლარით ციფრულ რეკლამაში უცხო ქვეყნიდან, მაშინ ის არ ყოფილა ძალიან ძლიერი.
მიუნხენის კონფერენციის ორგანიზატორებმა დაბლოკეს პოპულისტური პარტიების დეპუტატები, რომ მონაწილეობა მიეღოთ ამ საუბარში, ჩვენ ვერ დავეთანხმებით ყველაფერს, რასაც ხალხი ამბობს, მაგრამ პოლიტიკოსები როდესაც წარმოადგენენ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქს, ეს ავალდებულებთ, რომ, სულ მცირე, მონაწილეობა მიიღონ დიალოგში. სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ძველი ფესვგადგმული იდეები იმალება საშინელი საბჭოთა დროინდელი სიტყვების მიღმა, როგორიცაა დეზინფორმაცია, ვისაც უბრალოდ არ მოსწონს იდეა, რომ ალტერნატიული ხედვის ადამიანმა გამოხატოს განსხვავებული აზრი, ან ხმა მისცეს განსხვავებულად, ან უარესი, გაიმარჯვოს არჩევნებში. ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია და მჯერა, რომ არ არის უსაფრთხოება, თუ თქვენი ხალხის ხმების, მოსაზრებების გეშინიათ. ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა და გამოწვევა, რომელიც ყველა ჩვენგანის წინაშეა, ჩვენივე შექმნილია. თქვენ თუ გეშინიათ თქვენი ამომრჩევლების ხმების, ამერიკა თქვენთვის ვერაფერს გააკეთებს. ვერ მიიღებთ დემოკრატიულ მანდატებს თქვენი ოპონენტების ცენზურით ან მათი დაპატიმრებით.
ყველაზე საჩქარო საკითხი მასობრივი მიგრაციაა. ამ ქვეყანაში ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა, რაც ყველა დროის მაღალი მაჩვენებელია და იგივე მდგომარეობაა აშშ-შიც. ევროკავშირში არაწევრი ქვეყნებიდან შესული მიგრანტების რიცხვი 2021 და 2022 წლებში გაორმაგდა. ეს სიტუაცია ვაკუუმში არ განხორციელებულა. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილებების შედეგი, რომლებიც მიიღეს პოლიტიკოსებმა მთელ კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში. არცერთი ამომრჩეველი არ მისულა ამ კონტინენტზე საარჩევნო ყუთთან, რომ გაეხსნა კარი მილიონობით იმიგრანტისთვის. იცით, რას მისცეს ხმა? ინგლისში ხმა მისცეს „ბრექსითს“, ეთანხმებით თუ არა ამას. ევროპაში უფრო და უფრო მეტი ხმას აძლევენ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ დაასრულებენ უკონტროლო მიგრაციას.
საუბარი და მოსაზრებების გამოხატვა არ არის არჩევნებში ჩარევა, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები გამოხატავენ შეხედულებებს თქვენი ქვეყნის გარეთ და მაშინაც კი, როდესაც ეს ხალხი ძალიან გავლენიანია. ამერიკის დემოკრატია გრეტა ტუნბერგის ათწლიან ლანძღვას თუ გადაურჩა, თქვენც შეგიძლიათ, გადაურჩეთ რამდენიმე თვის განმავლობაში ილონ მასკისას. მჯერა, ხალხის უგულებელყოფა, მათი პრობლემების უგულებელყოფა ან უფრო უარესი, მედიის დახურვა, არჩევნების დახურვა ან პოლიტიკური პროცესისგან ხალხის გამორიცხვა არაფერს იცავს. სინამდვილეში ეს არის დემოკრატიის განადგურების ყველაზე სწორი გზა.