საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „მთავარმა არხმა“ 15 თებერვლის დილიდან გადაცემები შეაჩერა და არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელეკომპანიის დახურვის მცდელობაში დაადანაშაულა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მთავარი არხის“ თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო საინფორმაციო გამოშვება ვერ გადის ეთერში. ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად“.
„ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი“, – დაწერა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და 2019 წელს არხის დამაარსებელმა ნიკა გვარამიამ „ფეისბუქზე“.
„მთავარი არხი“ თავის თანადამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს გასული წლის დეკემბრიდან ადანაშაულებს ტელეკომპანიის დახურვის მცდელობაში და „ქართული ოცნების“ მიზნების შესრულებაში. არხის თქმით, ოქუაშვილის მითითებით, მის მიერვე დანიშნული დირექტორი გოგი ქურდაძე სერვისების მიმწოდებლებს ფულს არ უხდის.
ოქუაშვილმა, თავის მხრივ, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი გაბუნია და ნიკა გვარამია „ფინანსურ მანიპულაციებში“ დაადანაშაულა, რამაც მისი თქმით, „მთავარი არხის“ ხელოვნური გაკოტრება მოყვა.
„ამ დროისთვის „მთავარი არხის” ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად“, – ნათქვამია არხის განცხადებაში.