პოლიტიკა
ერგნეთში IPRM-ის 123-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ერგნეთში 14 თებერვალს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 123-ე შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. „ბორდერიზაციის“ საკითხი იყო.

ამ დროისთვის ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ექვსი მოქალაქეა. ორ მათგანს, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ანთაძემ განაცხადა, რომ გიორგი მოსიაშვილი ყველაზე დიდი ხანია ცხინვალის ციხეში იმყოფება. 2023 წელს იგი საჩხერის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ბრაკონიერობა დასდეს ბრალად.

ანთაძემ ასევე განაცხადა, რომ დისკუსიები შეეხო უკანონო „ბორდერიზაციის“ საკითხს. ანთაძის თქმით, 2024 წლის ნოემბერში IPRM-ის ბოლო შეხვედრის შემდეგ ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ე.წ. ბორდერიზაციის 11 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის: ერთი ნოემბერში, სამი დეკემბერში, ორი იანვარში და ხუთი თებერვალში.

IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.