საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმულ „პრაგმატულ“ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოყვა და რომ საქართველოსთან ურთიერთობების ასეთ თანმიმდევრულ განვითარებას „დიპლომატიური ურთიერთობების სრული აღდგენა“ მოყვება.
რუსულ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში გალუზინს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ საქართველო რუსეთთან პრაგმატულ პოლიტიკას შეინარჩუნებს, და ასევე ჰკითხეს, რა პირობებში იქნება შესაძლებელი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ რუსეთი ურთიერთობების აღდგენისთვის არანაირ პირობებს არ დააყენებს: „ზოგადად, პირობების დაყენება ჩვენი პოლიტიკა არაა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ ესეც გამონაკლისია წესებიდან. ჩვენ მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომი განვითარების მომხრე ვართ“.
მან ასევე დადებითად შეაფასა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „პრაგმატული ხაზი“ რუსეთის მიმართ: „ქართული ოცნების” ხელისუფლების ამ პრაგმატული ხაზის დანახვისას ჩვენ გადავდგით და ვდგამთ ნაბიჯებს რუსეთ-ქართული თანამშრომლობის განვითარებისთვის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნების ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე“.
„სწორედ ამან განაპირობა რუსეთის მიერ მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, უვიზო მიმოსვლის აღდგენა ჯერ მათთვის, ვინც ხანმოკლე დროით მოემგზავრება ჩვენს ქვეყანაში, შემდეგ კი, ერთი წლის თავზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან რუსეთში სამუშაოდ, სასწავლებლად და უბრალოდ საცხოვრებლად“.
გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის „გააგრძელოს ეს გზა, მზად არის განავითაროს პრაგმატული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობა საქართველოსთან“. მან ასევე აღნიშნა: „ჩვენ ვიყავით და ვიქნებით საქართველოს მთავარი ეკონომიკური პარტნიორი“.
„ჩვენ გვჯერა, რომ მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების ასეთი თანმიმდევრული განვითარება გარკვეულ ეტაპზე მიგვიყვანს სრულ ნორმალიზებამდე და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენამდე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოსკოვი მზად არის „იქამდე წავიდეს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება, რომ წავიდეს და ჩვენთვის აქ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე მიანიშნებს. მანამდე მსგავსი განცხადებები გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ და სხვებმა.