რუსეთი დაინტერესებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში დემოკრატიულად ჩატარდეს, „მშვიდ ვითარებაში, დესტაბილიზაციის გარეშე“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა რეგიონში სემიონ გრიგორიევმა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან – „ეხო კავკაზა“– ინტერვიუში 15 აგვისტოს.
„შემიძლია, ვთქვა, რომ რუსულმა მხარემ დაიკავა, მე ვიტყოდი, არა თანაბრად დაშორებული პოზიცია ყველა კანდიდატთან მიმართებაში, არამედ თანაბრად დაახლოებული პოზიცია, – განაგრძო მან. – ყველა კარგად ვიცნობთ სამივე კანდიდატს; ჩვენ ვიცით, რომ ისინი გულწრფელად ემხრობიან რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას და ჩვენ არ გვაქვს რაიმე საფუძველი, ვინმეს უპირატესობა მივანიჭოთ და ამით გავლენა მოვახდინოთ აფხაზი ხალხის არჩევანზე“.
გრიგორიევმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი საბაბი არ არსებობს იმ ვარაუდებისთვის, რომ 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს.
იმავე ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთში განთავსებულია 3 500 რუსი სამხედრო და 1 500 მესაზღვრე ფედერალური უშიშროების სამსახურიდან და მოსკოვი რეგიონში თავისი შეიარაღებული ძალების ზრდას არ გეგმავს.
საქინფორმი