საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიორგი გახარიას პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ მოუწოდა, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე. მისი თქმით, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ მოახდინა ქართული ოცნების „არალეგიტიმური მთავრობის“ იზოლაცია, ასევე მნიშვნელოვანია მათი შიდა იზოლაცია, რათა მანევრირების ადგილი არ დარჩეთ.

ამ პარლამენტში დარჩენა, ბიძინა ივანიშვილის „რუსულ ხელისუფლებასთან“ რუსული საქმის და ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთებას ნიშნავს“, – განაცხადა ხაზარაძემ 7 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

ხაზარაძის თქმით, 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ოპოზიციური ძალების მანდატების გაუქმებამ პარლამენტი ფაქტობრივად 89 დეპუტატით დატოვა, რაც ხელს უშლის ერთპარტიულ პარლამენტს „ლეგიტიმური“ გადაწყვეტილების მიღებაში.

შემდეგ მან ის შემთხვევები დაასახელა, სადაც „ქართული ოცნების“ პარლამენტს ხმების რაოდენობა აკლია და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შესატანად 113 ხმაა საჭირო; გარკვეული საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებასაც 113 ხმა სჭირდება; 100 ხმაა საჭირო პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის; 100 ხმა – უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვისთვის; 90 ხმა – კონკორდატში ცვლილების შესატანად; 90 ხმა – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად; 90 ხმა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად; და 90 ხმა – სახალხო დამცველის ასარჩევად.

ხაზარაძემ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში მხოლოდ 89 დეპუტატია, „ქაღალდზე 101 დეპუტატი არსებობს“, შესაბამისად, „საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც „გახარია საქართველოსთვის“ ჰქვია და აქ ჩნდება კითხვა, ფარული ლეგალიზაციის და ხელშეწყობის იმ ძალისადმი, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს“.

მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიამ და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ და მის მუშაობაშიც არ მონაწილეობენ, პარტიას ოფიციალურად უარი თავის 12 მანდატზე ჯერ არ უთქვამს, განსხვავებით დანარჩენი სამი ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალისგან – ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველო – რომელთაც სადავო არჩევნების შემდეგ მანდატებზე უარი თქვეს. 5 თებერვალს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 49 ოპოზიციონერ დეპუტატს ამ სამი ძალიდან მანდატები შეუჩერა.

ხაზარაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დროის გაწელვა იმუნიტეტისა და დაფინანსების გამო არის აბსოლუტურად არარელევანტური, არასამართლიანი და არაობიექტურია, და მათ [გახარიას პარტიამ] უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად“. „ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა… უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი და როგორი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის თავისუფლებისთვის“, – დასძინა მან.

მანამდე, 6 თებერვალს, ხაზარაძემ გახარიას პარტია „ფეისბუქის“ პოსტით გააკრიტიკა და ის „ქართული ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. „გახარიას პარტიის გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა “ოცნების” ცილისმწამებლური პროპაგანდის“, – დაწერა ხაზარაძემ.

ბანერზე, რომელზეც ხაზარაძე საუბრობდა, გამოსახული იყო სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერების სახეები და ეწერა: „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია, დარჩენილია 89 ნაცი“. თუმცა, მოგვიანებით, 6 თებერვალს, პარტია „საქართველოსათვის“ წევრმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, რომ ამ ბანერთან პარტიას არანაირი კავშირი არ აქვს. პოსტი „ფეისბუქზე“ აღარ იძებნება.