როგორც შემთხვევის ადგილიდან საქინფორმის კორესპონდენტი იტყობინება, ზუგდიდში 40-მდე გარემოვაჭრე ქალაქის გამგეობის თანამშრომლებმა დაარბიეს და, დაახლოებით, ნახევარი მეტრის სიგრძის დანის გამოყენებით გასაყიდი საქონლის სამაგრი თოკები ჩაუჭრეს. როგორც გარემოვაჭრეები საქინფორმთან საუბრისას აცხადებენ, მათ მიმართ მუქარასაც ჰქონდა ადგილი, რაც ზუგდიდში უკვე ტრადიციად იქცა, და ისინი ამჯერად უკვე სამართალდამცველების მოლოდინში არიან.
აღსანიშნავია, რომ გარემოვაჭრეთა სავაჭრო ადგილზე ჩინური მაღაზიაც დგას, რომლის მეპატრონესაც, ასევე, აქვს გასაყიდად გარეთ გამოტანილი საქონელი, თუმცა მათ მიმართ არც გამგეობის თანამშრომლებს და არც სამართალდამცველებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ.
„რამდენჯერმე ამ ჩინური მაღაზიის მეპატრონემაც გვიჩივლა, თურმე, ხელს ვუშლიდით. ჩვენს ქვეყანაში სხვისთვის ყველაფერი შეიძლება, ქართველები კი ქართველებს არ ინდობენ“, – აცხდებენ მოვაჭრეები.
რაც შეეხება ხელისუფლებას, ცხადია, რომ გარევაჭრობის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან არ გადადგმულა, რადგან ზუგდიდში გარემოვაჭრეების დარბევამ ტრადიციული ხასიათი შეიძინა. მოვაჭრეებს ვაჭრობის ადგილი არ აქვთ და დარბევის შემდეგ გასაყიდ საქონელს ისევ ქუჩაში ფენენ.
საქინფორმი