საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით 2025 წლის 1 აპრილიდან აღარ იარსებებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ „მართვის რაციონალიზაციისა და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით“ მიიღო. თუმცა, ბიუროს თანამშრომლებმა ეს ნაბიჯი გააკრიტიკეს და გამოთქვეს ვარაუდი, რომ ლიკვიდაცია საჯარო სამსახურში განსხვავებული ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად.
„ქართული ოცნების“ მთავრობის განცხადებით, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს არაერთი ფუნქცია გამოაკლდა. მათ შორის თანამდებობის პირთა დეკლარაციებისა და საჯარო სამსახურში ეთიკისა და კეთილსინდისიერების კონტროლის ფუნქციები, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს რეგულირების სფეროში გადავიდა. „შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სამსახურის ბიურო თავდაპირველი ფუნქციების ერთ მესამედს უკვე აღარ ფლობს, სსიპ-ის ფორმით მისი არსებობა მიზანშეუწონელია“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
„ამ ეტაპზე საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები არსებითად შემოიფარგლება საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე მუშაობით, რაც მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამის დეპარტამენტთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება და საჯარო სამსახურში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, რაც მეტწილად ტექნიკურ ფუნქციას წარმოადგენს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, ბიუროს უფლებამოსილებაში დარჩენილ ფუნქციებს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ.
საჯარო სამსახურის ბიურო 2004 წელს შეიქმნა. მისი საქმიანობა ეხებოდა „საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, რაც ემსახურება ევროკავშირის ღირებულებებისა და საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად საჯარო სამსახურის მოწყობის მიზანს“.
ბიუროს თანამშრომელი ნინო ცუხიშვილი ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში წერს, რომ თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ იგეგმება ბიუროს ლიკვიდაცია 2025 წლის 1 აპრილამდე. მისივე თქმით, 10 წელზე მეტია, ბიურო „ემსახურება პროფესიული, პოლიტიკურად ნეიტრალური, კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული საჯარო სამსახურის შექმნას, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო“.
ცუხიშვილმა ასევე გაიხსენა ერთობლივი პეტიცია, რომელსაც 2024 წლის ნოემბერში ბიუროს ზოგიერთმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი „საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების საპასუხოდ, რომლებიც, მისი თქმით, რეპრესიული იყო. ამ ცვლილებებს, მისი თქმით, იმ საჯარო მოხელეების გათავისუფლება მოყვა, რომლებმაც ცვლილებების მიმართ წინააღმდეგობა გამოხატეს.
„საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლებს მიგვაჩნია, რომ ბიუროს ლიკვიდაცია სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ემსახურება საჯარო სამსახურში კრიტიკული აზრის ჩახშობას“, – წერს ცუხიშვილი.
2024 წლის 14 დეკემბერს ბიუროს 15-მა თანამშრომელმა განცხადება გაავრცელა, სადაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები გააკრიტიკა. თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებები ძირს უთხრის საჯარო სამსახურის რეფორმის მიზნებს, განსაკუთრებით სტაბილური, პროფესიული და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სამსახურის შექმნას. „კანონში შეტანილი ცვლილებები სრულად ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გაცხადებულ სულისკვეთებას, აუარესებს საჯარო მოხელის უფლებრივ მდგომარეობას და საფრთხეს უქმნის უფლების დაცვის სამართლებრივი გარანტიების არსებობას“, – ნათქვამია განცხადებაში. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კანონი შეაფასეს როგორც რეპრესიული, რომელიც დემოკრატიულ უკუსვლას გამოიწვევს.
საჯარო მოსამსახურის კრიტიკის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში „თვითწმენდის პროცესი“ მიმდინარეობდა. მისი თქმით, „უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ, საბოლოო ჯამში, „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის“.
ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებებს განახორციელებს, ადგილობრივი სსო-ებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ მას მმართველი პარტია პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და რომ იგი დამოუკიდებელი არ არის. 2023 წლის დეკემბრის მოსაზრებაში, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნისა და გადაყენების უფლებამოსილება ძირითადად პრემიერ-მინისტრის ხელშია და ამას „განსაკუთრებით პრობლემურად“ მიიჩნევს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დამკვირვებლებმა და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის 1 ოქტომებრს „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს იმის გამო, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა შეეწყვიტა არჩევნებზე დაკვირვება მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაცია და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.