საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ კოსაჩევმა შეაქო „ქართული ოცნება“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE) „თავისი ეროვნული დელეგაციის გაწვევის“ შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო და განაცხადა, რომ ის „გაგებასა და პატივისცემას იმსახურებს“. ამასთან, კოსაჩევმა არ გამორიცხა, რომ საქართველომ შესაძლოა დატოვოს ევროპის საბჭოც და ამის მაგალითად რუსეთის გამოცდილება დაასახელა. მისი თქმით, საქართველომ „აირჩია განვითარების სუვერენული გზა, რომელიც, პირველ რიგში, მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“.
იგი მიესალმა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „შეურაცხმყოფელად“ მიიჩნია მანდატების სრულად რატიფიცირებისთვის წაყენებული პირობები, მათ შორის ახალი არჩევნების ჩატარება და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმება.
მისი თქმით, უკრაინისა და მოლდოვის საკითხებმა „გააფუჭა ევროპა“. „ბოლო წლებში ისინი [ევროპა] მიეჩვივნენ, რომ საქმე აბსოლუტურად დამოკიდებულ კიევთან და კიშინიოვთან დაიჭირონ, რომლებიც მზად არიან უვიზო რეჟინის სანაცვლოდ არა მხოლოდ უარი თქვან რუსეთთან კავშირებზე, არამედ გაანადგურონ საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი“, – განაცხადა მან.
კოსაჩევმა აღნიშნა, რომ „საქართველომგანვითარების სუვერენული გზაა ირჩია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“ და ამით „PACE-ს მიუღებლობა გამოიწვია“. კოსაჩევმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონის დიდ კოლონიად” გახდომა არის ის როლი, რომელიც კონტინენტის ევროპული ნაწილის „პროგრესულმა“ ნაწილმა ყოფილ საბჭოურ სახელმწიფოებს დააკისრა და დასძინა, რომ რუსეთმაც ეს იცის და „რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კარგად ადაპტირდა“.
მან ასევე განაცხადა, რომ „კანონები უცხოელი აგენტების შესახებ მოქმედებს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ავსტრალიაში და დასძინა: „მაგრამ ისინი არა მხოლოდ წყვეტენ ასეთ საკითხებს დამოუკიდებლად, რისი უფლებაც მსოფლიოს ყველა სხვა სახელმწიფოს აქვს, არამედ ასევე ცდილობენ დაადგინონ მესამე ქვეყნების დღის წესრიგი“.