პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის საელჩო თავისი ქმედებით უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის საელჩო საქართველოში უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს.

მთელი პასუხისმგებლობით შეიძლება თქმა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არათუ პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად აკეთებს რამეს, არამედ პირიქით, თავისი ქმედებით პირდაპირ ეწინააღმდეგება მათ მიერ საყოველთაოდ გაცხადებულ პრიორიტეტებს – უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და აძლევს დამატებით დირექტივებს მოვლენების რადიკალიზაციის შესახებ „დიფ სთეითის“ ქართველ აგენტებს. მეტიც, საელჩო თავის განცხადებებში, მიუხედავად უმრავლესობის ლიდერის მწვავე კრიტიკისა, არც კი გაემიჯნა ასეთ მოქმედებებს“, – აცხადებს მაჭავარიანი.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ წინა დღეს განაცხადა: „სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება“.

მოგვიანებით მამუკა მდინარაძის განცხადებას უპასუხა აშშ-ის საელჩომ: ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს საელჩო ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად“.