საზოგადოება
სლოვაკეთის ხელისუფლება „ქართული ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. სლოვაკეთის ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი „ქართულ ლეგიონის“ მეთაურს, მამუკა მამულაშვილს ქვეყანაში შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს და მას ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

სლოვაკეთის შს მინისტრის, მატუს შუტაი ეშტოკის განცხადებით, სლოვაკეთში შესვლა კიდევ 10 პირს აეკრძალა, მათი რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ შს მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აჩვენა ფოტო, რომელზეც მამუკა მამულაშვილთან ერთად არიან „ინიციატივა – მშვიდობა უკრაინისთვის“ წარმომადგენელი ლუსი შტასელოვა და სლოვაკური გამოცემის, Denník N-ის კომენტატორი მარტინ მ. შიმეჩკა.

სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის (SIS) დირექტორის, პაველ გასპარის თქმით, დაზვერვის სამსახურმა დაადასტურა „ქართული ლეგიონის“ პირადი და ეკონომიკური კავშირები საჯარო სექტორსა და ოპოზიციასთან. მას არ დაუკონკრეტებია, რა კავშირებზეა საუბარი.

მისივე თქმით, შექმნილი იყო სპეციალიზებული ჯგუფი, რომელშიც, გარდა „ფარული თანამშრომლებისა, შედიოდნენ პოლიციისა და ფინანსური ადმინისტრაციის თანამშრომლები“.

დღეს უკვე შეგვიძლია, ეჭვი გამოვთქვათ, რომ, შესაძლოა, ჩადენილია ისეთი ტიპის დანაშაული, როგორიცაა სუბსიდიებთან დაკავშირებული თაღლითობა“, – განაცხადა პაველ გასპარმა.