საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. სამოქალაქო აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ასევე გაჩხრიკეს დათო ფუთურიძის სახლიც.
ნიკოლოზ ლაცაბიძის მამა მედიასთან აცხადებს, რომ მისი შვილი საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
„აქციებზე დადის და იმიტომ ისჯება, მე ასე მგონია“, - განაცხადა ნიკოლოზ ლაცაბიძის მამამ.
როგორც შსს-ს განაცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქმეზე გატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირები დაადგინა და მათ მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
ასევე, არსებული ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება თბილისის რამდენიმე ადგილზე, მათ შორის მეტროსადგურებში გამოჩენილ წარწერებს - „მოკალი ქოცი“.