უცხოეთი
გრენლანდიაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. გამოკითხვის მიხედვით, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ აშშ-ის ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოკითხვის თანახმად, რომელიც დანიურ გაზეთ Berlingske-ში გამოქვეყნდა, გრენლანდიელების 85%-ს არ სურს, რომ მათი არქტიკული კუნძული აშშ-ის ნაწილი გახდეს, 6% ემხრობა, ხოლო 9%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება.

გამოკითხვა ჩაატარა კომპანია Verian-მა დანიური გაზეთისა და გრენლანდიური ყოველდღიური გაზეთის Sermitsiaq-ის დაკვეთით.

დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შეხვედრების დროს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საერთაშორისო საზღვრების პატივისცემის პრინციპს.

„მოხარული ვარ, თუ გამოკითხვა იმის გამოხატულებაა, რომ ბევრ გრენლანდიელს სურს დანიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება“, – განაცხადა ფრედერიკსენმა.

დანიის თავდაცვის მინისტრის, ტროელს ლუნდ პოულსენის განცხადებით, დანია არქტიკის თავდაცვის ხარჯებს 2.1 მილიარდი დოლარით ზრდის.

1tv.ge