უცხოეთი
„როიტერი“ - სირიის ახალი ხელისუფლება რუსეთისგან ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ითხოვს

 საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. სირიის ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სირიულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სირიის ახალმა ფაქტობრივმა ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ მოსკოვს ასადის გადაცემა მოსთხოვა.

სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ინფორმაციით, დამასკო რუსეთისგან, რომელიც სამოქალაქო ომში ასადს უჭერდა მხარს, ითხოვს ნდობის აღდგენას კონკრეტული ზომების გზით, როგორებიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა დაედასტურებინა, მოითხოვა თუ არა სირიის ახალმა მთავრობამ რუსეთისგან ასადის გადაცემა და კომპენსაციის გადახდა.

მედიის ცნობით, რუსეთი, რომლის ჯარები და საჰაერო ძალები წლების განმავლობაში უჭერდნენ მხარს ასადს სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცდილობს, შეინარჩუნოს თავისი საზღვაო ბაზა ტარტუსში და ხმეიმიმის საავიაციო ბაზა ქალაქ ლატაკიის მახლობლად.

28 იანვარს რუსეთის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი ხელმძღვანელობდა, სირიის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა უნდა მოიცავდეს წარსული შეცდომების გამოსწორებას, სირიის ხალხის ნების პატივისცემას და მათი ინტერესების დაცვას.

სირიული წყაროს თქმით, რუსები არ იყვნენ მზად ასეთი შეცდომების აღიარებისთვის და ერთადერთი შეთანხმება, რასაც მიაღწიეს, იყო მოლაპარაკებების გაგრძელება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გაიმართა გულწრფელი დისკუსია საკითხთა მთელ სპექტრზე. უწყების ცნობით, მხარეები გააგრძელებენ კონტაქტებს შესაბამისი შეთანხმებების მისაღწევად.

1tv.ge