საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ „მაგთიკომმა“ 27 იანვრის საღამოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისების რამდენიმესაათიან შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაგთიკომის“ ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. „27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა“, – აცხადებს კომპანია.
მისივე თქმით, რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება, რის შესახებაც ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.
„მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხზე სამართალდამცავ ორგანოებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.